მოსამართლეთა ნაწილი, კერძოდ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი, არ იზიარებს ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის საელჩოს გამოთქმულ კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების დაჩქარებული წესით არჩევის შესახებ. ამ შეფასებებს მოსამართლეები გადაჭარბებულს, დაუსაბუთებელსა და წინააღმდეგობრივს უწოდებენ.
კონკრეტულად რამდენი მოსამართლე იზიარებს კომიტეტის სახელით გავრცელებული განცხადების შინაარსს, უცნობია.
"ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც "გაუგებარი" და არც "უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია", არამედ - ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება", - აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ მოსამართლეთა კონფერენცია კანონის დაცვით ჩატარდა და "თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა":
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე "ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას" და რომ "დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს". ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას".
მოსამართლეები ირწმუნებიან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევად არჩევნები ჩატარდა სრულად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში.
"განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს და ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა", - აღნიშნულია განცხადებაში.
31 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩეს. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებმაც ეს თანამდებობა დატოვეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი უწყებაა. საბჭო ნიშნავს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეებს უვადოდ, ასევე პარლამენტს წარუდგენს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატთა სიას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნის პროცესს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან ამ დანიშვნებს ბოლო ოთხ თვეში უკან გადადგმულ მეხუთე ნაბიჯს უწოდა.
კრიტიკული იყო აშშ-ის საელჩოს გამოხმაურებაც. საელჩომ ამ პროცესს გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი უწოდა.
"სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს", - წერია განცხადებაში.