Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კვირა ფსიქიატრიულ კლინიკაში - რატომ დააჯარიმეს კლინიკა 5000 ლარით?


55 წლის ნინო (სახელი შეცვლილია) ახლად დაბრუნებული იყო ბაზრიდან, როცა საპატრულო პოლიციამ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კარზე დაუკაკუნა. ნინოს უთხრეს, რომ ის სამედიცინო შემოწმების მიზნით კლინიკაში უნდა გადაეყვანათ. ნინოს კლინიკაში მოთავსება მისმა დამ მოითხოვა.

ნინომ #5 კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში არანებაყოფლობით გაატარა ორი კვირა. ორი კვირის თავზე კი მას შემდეგ გაწერეს, რაც საქმეში უფლებადამცველები ჩაერთნენ და ნინოს კლინიკაში მოთავსების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, კლინიკას ნინოსთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

როგორ მოხვდა ნინო კლინიკაში

ნინოს არასდროს ჰქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზი. ის არასდროს წოლილა სტაციონარში. როგორც მისი უფლებადამცველი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, სოფო მენაბდიშვილი გვეუბნება, მიზეზი, რის გამოც ნინო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდა, საყოფაცხოვრებო, მემკვიდრეობის ნიადაგზე დაწყებულ დავას უკავშირდებოდა. ოჯახური კონფლიქტი კი იმდენად მწვავე იყო, რომ ნინოს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებამდე ორი კვირით ადრე, მისმა ოჯახის წევრმა, დამ, მასზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც პოლიციამ ნინოს დის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა:

„როდესაც ნინოს კლინიკაში გადასაყვანად მივიდა პოლიცია და სასწრაფო, მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მშვიდად გაჰყვა მათ. გზაში პოლიციასაც და სასწრაფოსაც აუხსნა, რომ ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი და ორი კვირით ადრე, პოლიციამ მის დას შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა. თუმცა, პოლიციას ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება და მოკვლევა არ ჩაუტარებია“.

კანონით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, რაკიღა ნინო წინააღმდეგი იყო სტაციონარში მოთავსებაზე, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, საჭირო იყო თუ არა 55 წლის ქალის კლინიკაში არანებაყოფლობითი მოთავსება.

როგორც ნინოს ადვოკატი გვეუბნება, კლინიკაში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრებისა და ნინოს ოჯახის წევრების მოსაზრებას მოუსმინა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნინო 6 თვით უნდა დარჩენილიყო ფსიქიატრიულ განყოფილებაში:

„აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნინოს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანისას და იქ მოთავსებისას, არ მოხდა ფაქტების სრული და ობიექტური შესწავლა. პოლიციამ და ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრებმა, როდესაც ისინი გადაწყვეტილებას იღებდნენ, არ გაითვალისწინეს ქალის მონათხრობი, რაც ფაქტებითაც იყო დადასტურებული - დის მხრიდან ნინოზე ფიზიკური ძალადობა, რის გამოც შემაკავებელი ორდერიც იყო გაცემული. სწორედ ნინოს დამ გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც“.

რატომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ?

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინოს კლინიკაში 6 თვით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ქალის ნათესავი დაუკავშირდა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტებს და დახმარება სთხოვა.

სოფო მენაბდიშვილმა და მისმა კოლეგებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მაშინვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. 2019 წლის 13 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რომელიც კლინიკაშივე ჩატარდა, მოსამართლემ დაადგინა, რომ ქალი ორი კვირის განმავლობაში უსაფუძვლოდ იყო მოთავსებული ფსიქიატრიულ განყოფილებაში, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ვინმეს და აუცილებელი იყო მისი კლინიკაში არანებაყოფლობით მკურნალობა:

„ქალმა დაწვრილებით გააცნო მოსამართლეს პრობლემის რეალური არსი. რომ საქმე ეხებოდა ქონებრივ დავას და მისი ორი და ცდილობდა, რომ ის მშობლების მემკვიდრეობის გარეშე დაეტოვებინათ. რომ ოჯახი მანიპულირებდა, რომ თუკი ის ინტერესს გამოიჩენდა, ფსიქიატრიულში მოათავსებდნენ, რაც აღასრულეს კიდეც, რადგან ეს ადამიანი ორი კვირის განმავლობაში სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა. ასმევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. სააპელაციო სასამართლომ დასკვნაში ის კი არ ჩაწერა, რომ ამ ადამიანმა იმიტომ უნდა დატოვოს კლინიკა, რომ გამოჯანმრთელდა, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითა, რომ ეს ქალი თავიდანვე არ უნდა მოთავსებულიყო კლინიკაში, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მას შეეძლო გარშემომყოფებისთვის ზიანის მიყენება. ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქმეში არ იდო არც პოლიციისა და არც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ახსნა-განმარტებები, თუ რა მიზეზით წამოიყვანეს ქალი სახლიდან“, - ყვება სოფო მენაბდიშვილი, ნინოს ადვოკატი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ: "საქმეზე შეკრებილი მასალები, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების განმარტება და მოქმედებები სასამართლო სხდომის მიმდინარეობის განმავლობაში, პალატას აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახეზე არ არის ფსიქიატრიული კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია პირის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებლად. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ მას აქვს უთანხმოება ოჯახის წევრებთან. კონფლიქტურ ურთიერთობაზე მიუთითებს შემაკავებელი ორდერი, რომელიც შედგენილ იქნა ერთ-ერთი დის მიმართ... სააპელაციო პალატა თვლის, მხოლოდ იმგვარი აღწერილობა, რაც მოცემულია ექიმ-ფსიქიატრთა დასკვნაში და იმ გარემოებაზე მითითება, რომ ლანძღავს და წყევლის ოჯახის წევრებს, არ შეიძლება გახდეს მისი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების საფუძველი".

ნინოს ადვოკატის თქმით, რაკი სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალის კლინიკაში მოთავსების გადაწყვეტილება იმთავითვე უკანონო იყო, დაცვის მხარემ ნინოსთვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

თითქმის სამწლიანი სასამართლო პროცესის შემდგომ, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის აპრილის გადაწყვეტილებით, კლინიკას ნინოსთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის 5000 ლარის გადახდა დააკისრა.

რას ამბობს #5 კლინიკური საავადმყოფო?

იყო თუ არა კლინიკის ექიმ-ფსიქიატრების მიერ დასაბუთებული 55 წლის ქალის სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების აუცილებლობა? გაასაჩივრებს თუ არა კლინიკა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ #5 კლინიკური საავადმყოფოს იურისტს, ლანა ოქრაძეს მიმართა.

მისი თქმით, საქმის დეტალებსა და ექიმების გადაწყვეტილებაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ის კომენტარს ვერ გააკეთებს.

რაც შეეხება კითხვას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ, ლანა ქოიავა გვპასუხობს:

„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით კანონიერ ძალაში არ არის შესული. ჩვენ ჯერ არ ჩაგვბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება, საიდანაც შევიტყობთ არგუმენტებს, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ჯერ ჩემთვის არგუმენტები და სამართლებრივი საფუძვლები ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, კლინიკის დირექტორი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ამიტომ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, გაასაჩივრებს თუ არა კლინიკა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“.

55 წლის ნინოს საქმე არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კლინიკას პაციენტისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გასულ წელს, უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთ კლინიკას დააკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა პაციენტისათვის, რომლის უფლებებსაც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იცავდა.

ამ საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „პაციენტის სტაციონარში იძულებით მოთავსება უკავშირდებოდა არა პაციენტის დაავადებას, არამედ იმ ოჯახურ კონფლიქტს, რაც წინ უძღოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას“.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა ნატას (სახელი შეცვლილია) და მის მშობელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტი, რომლის მიზეზსაც პირის რელიგიური მსოფლმხედველობა წარმოადგენდა.

ნატა ყვებოდა: „საშინლად ვიყავი შეშინებული, დეპრესიულად ვიქცეოდი ყველაფერმა ჩემ წინააღმდეგ იმუშავა. ავადმყოფობის ისტორიაში ასე ჩაწერეს, – „იყო აგრესიული“, იმიტომ რომ ვყვიროდი და დედაჩემს ვადანაშაულებდი (პატრული დედამ გამოიძახა). ეს (არანებაყოფლობითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში) იმდენად ძლიერი შოკი და სტრესი იყო, რომ ნერვულმა სისტემამ მიღალატა. საწოლზე დამაწვინეს, გამაკავეს, ხელები და ფეხები სხვადასხვა მხარეს დამიბეს. მერე დამამშვიდებელი ნემსი გამიკეთეს და დამაძინეს“.

„დასჯის შიში“ ექიმებში - იურიდიული კაზუსი?

ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია ამბობს, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული პაციენტების უფლებები სისტემაში და კლინიკაში არანებაყოფლობითი მოთავსების პროცედურისას, ყველა რგოლმა, იქნება ეს ექიმი თუ მოსამართლე, კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს მათზე დაკისრებული მოველეობები. თუმცა, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ მსგავსმა სასამართლო პრაქტიკამ, როდესაც სააპელაციო სასამართლო მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრებს კლინიკებს, შესაძლოა ექიმებში გააჩინოს „დასჯის მოლოდინი“ და როდესაც დღის წესრიგში არანებაყოფლობითი მკურნალობის საჭიროება დგას, ექიმებმა პაციენტის კლინიკაში მოთავსების მოთხოვნისგან თავი შეიკავონ:

ეკა ჭყონია
ეკა ჭყონია

„თუკი არასწორი დიაგნოზი დაისვა, მაშინ უნდა დადგეს ან ექიმების კვალიფიკაციის საკითხი, ან უნდა გამოიძიონ, ხომ არ იყო რაიმე ტიპის დაინტერესება, რის გამოც ადამიანი მოთავსდა კლინიკაში. გარდა ამისა, პაციენტის კლინიკაში მოთავსების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. მაშ, ასეთ სიტუაციებში აუცილებლად უნდა დადგეს მოსამართლის კეთილსინდისიერების საკითხიც, რამდენად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო მან. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებიდან ორი კვირის თავზე მიდის კლინიკაში მეორე სასამართლო, რომელსაც პაციენტი უკვე სულ სხვა მდგომარეობაში ხვდება, მას მკურნალობის კურსი აქვს უკვე ჩატარებული და აღარ არის გასაკვირი, რომ მეორე მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პაციენტის კლინიკაში მოთავსების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. მიმაჩნია, რომ იურიდიულ კაზუსთან გვაქვს საქმე. აქ არის ძალიან ფრთხილი ზღვარი გასავლები პაციენტისა და საზოგადოების უფლებებს შორის“.

იმ ფონზე, როდესაც მოქალაქეები და უფლებადამცველები ერთი მხრივ, დავობენ ფსიქიატრიულ განყოფილებებში პაციენტების არანებაყოფლობით მოთავსებაზე, მეორე მხრივ, იკვეთება სხვა პრობლემაც - ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიწოდება.

ამ პრობლემის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, ეკა ჭყონიას თქმით, საწოლების დეფიციტია. ის ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილი 1400-მდე საწოლი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და როგორც წესი, საწოლები გადავსებულია. გარდა ამისა, მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს მკურნალობის უწყვეტობაც:

„მაგალითად, ვუმკურნალებთ პაციენტს, გავწერთ კლინიკიდან, მაგრამ შემდეგ უკვე დგება ამ ადამიანზე ამბულატორიული მეთვალყურეობის პრობლემა. თუკი პაციენტი მძიმეა, ის ჯდება მობილური გუნდის მომსახურებაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა და მკურნალობა ფინანსდება, როგორც სხვა ყველაფერი, ესეც არ არის საკმარისი“.

ეკა ჭყონია იმასაც ამბობს, რომ პრობლემათა ჩამონათვალშია მოქალაქეების ინფორმირებულობის საკითხიც. მისი თქმით, მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს სათემო ამბულატორიები, სადაც მათ თავიანთი საცხოვრებელი რაიონების მიხედვით შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი მომსახურება:

„მათ ხშირად არ იციან, რომ ყველა არეალს ემსახურება თავისი ფსიქიატრიული ამბულატორია, სადაც ხვდებათ ფსიქიატრი, ფსიქოლოგი. როდესაც პრობლემა უკვე უმართავი ხდება, მაშინ ოჯახის წევრი იძახებს პატრულს და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ადამიანი დამძიმებულ მდგომარეობაში გადაჰყავთ კლინიკაში. არადა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს, დროული რეაგირების შემთხვევაში, პროცესი აბსოლუტურად მართულია და ადამიანები ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ“.

XS
SM
MD
LG