კინო თითქმის ყოველთვის აგვიანებს. მათ შორის, კანის კინოფესტივალზე, რომელიც აგერ უკვე 75 წელს ითვლის. პანდემიამ ისე ჩაიარა, რომ მაინც ვერ ვეღირსეთ სერიოზულ კინემატოგრაფიულ ანალიზს იმ დროზე, რომელიც იმედია წარსულს ჩაბარდა. შარშან ივლისში გადატანილი კანის კინოფორუმი პირბადეებსა და კოვიდტესტებში ჩატარდა. თუმცა ეკრანზე აბსოლუტურად სხვა ცხოვრება ვიხილეთ - „ღია სახეები“ და მეტ-ნაკლები უდარდელობა. კინოს ისევ ეშინია „ამ წამსა“ და „ამ სივრცეში“ არსებობის. კინემატოგრაფისტები, მათ შორის კანში, ისევ გაურბიან სინამდვილის ზედმიწევნით ზუსტ აღწერას იმის შიშით, რომ ეკრანზე დაფიქსირებული დრო მოძველდება და მათი ფილმიც გაქრება ისტორიიდან.
კანის კინოფესტივალი პრეზიდენტ ზელენსკის შთამბეჭდავი სიტყვით გაიხსნა. ცერემონიის წამყვანმა, ევროპული კინოს ამომავალმა ვარსკვლავმა ვირჯინ ეფირამ გაგვახსენა, რომ კანის ფესტივალის ისტორიაში ერთადერთი რუსული ფილმი აღინიშნა „ოქროს პალმით“ - მიხეილ კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროები“, რომელშიც ავტორი „ყველანაირი ომის წინააღმდეგ ილაშქრებს“. ფესტივალის საკონკურსო ჩვენებებიც რუსული ფილმით დაიწყო - კირილ სერებრენიკოვის „ჩაიკოვსკის ცოლით“... დაიწყო რუსული კინოს ბოიკოტის ფონზე (კანის აკრედიტაციაზე უარი უთხრეს რუს ჟურნალისტებსაც). პრესკონფერენციაზე სერებრენიკოვს დიდი დრო დასჭირდა, რათა სიტყვა „უკრაინა“ ეხსენებინა; „ის ტრაგედია, რაც ხდება ევროპაში“, „დოსტოევსკის კულტურა“, „კულტურა არ ცნობს დროს“ - იმეორებდა პუტინის ყოფილი პატიმარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაათავისუფლა.
კულტურა სერებრენიკოვისთვის დროს არ ცნობს, მაგრამ ადამიანებს, როგორც ჩანს, ის უფრო აინტერესებთ, თუ როგორ აღიბეჭდება სინამდვილე კინოში. ფაქტია, „ჩაიკოვსკის ცოლი“, ეს პათეტიკური კიტჩი, რომელშიც სერებრენიკოვი მეცხრამეტე საუკუნის რუსული საზოგადოების სურათს გვიხატავს, ვერ გახდა ისეთი მოვლენა კანის კინოფორუმზე, როგორც, მაგალითად, „მარიუპოლისი 2“, სწორედ მარიოპულში დაღუპული მანტას კვედარავიჩუსის დოკუმენტური ფილმი, რომელიც კანში მისმა მეუღლემ წარმოადგინა. „კომუნისტების დროს უკრაინელებს ღირსება არ გვქონდა, მაგრამ ასე არ გვიჭირდა. მერე, ნელ-ნელა დაგვიბრუნდა ღირსება, ახლა ღირსეული და პატიოსანი ხალხი ვართ, მაგრამ ცხოვრება აუტანელი გახდა“, - ამბობს ფილმში დაბომბვის შემდეგ გადარჩენილი შუახნის მარიოპულელი მამაკაცი. მწარე სიტყვებია. აი, გულს რომ გაგიჩერებს, ისეთი. ღირსება „კარგი ცხოვრების“ წინააღმდეგ! უსამართლო სამყარო, რომელშიც ღირსება და თავისუფლება ვერა და ვერ დაუახლოვდა ბედნიერებას და მშვიდობას.
„დროა გაიაზრო ის, რომ ეს სამყარო უსამართლოდაა მოწყობილი, მაგრამ მაინც არ უნდა დანებდე“, - ახსენებს თავის 10 წლის შვილიშვილს ბაბუა, ენტონი ჰოპკინსის შესრულებით, კანის ფესტივალში ჩართულ ამერიკულ ფილმში „არმაგედონის დრო“.
საინტერესოა, რომ ამ მოხუცის მშობლები თავის დროზე ებრაელთა დარბევას გამოექცნენ... უკრაინიდან ჯერ ბრიტანეთში და შემდეგ - ამერიკაში. საეჭვოა, გრეის, ლიბერალური კლიშეებით ცოტა არ იყოს გადატვირთულ ფილმში, უკრაინა ამ კონტექსტში ეხსენებინა, „არგამედონის“ გადაღება დღეს რომ დაწყებულიყო. მაგრამ ჰოლივუდი ხომ მით უმეტეს ყოველთვის აგვიანებს. რეიგანის პოლიტიკის კრიტიკა კი არა, ტრამპის ირონიული ხსენებაც მოძველებულად აღიქმება მაშინ, როცა უკრაინის ომის შემდეგ მკაფიოდ გაემიჯნა ერთმანეთს „ბოროტი“ და „კეთილი“.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა ჯერჯერობით ვერ აკრიფა ტემპი. საკონკურსო პროგრამა უსაშველოდ არქაული და უინტერესოა. 84 წლის პოლონელი კლასიკოსის ეჟი სკოლიმოვსკის „იო“, ინტერპრეტაცია რობერ ბრესონის შედევრის, „მაგალითად ბალთაზარის“ თემაზე, მკაფიო მაგალითია იმისა, რომ თანამედროვე კინოს მხატვრული რესურსები საკმაოდ ამოწურული აქვს.
ვეტერანები ისევ ვერ ელევიან გადაღეჭილ ფორმას, ახალგაზრდები კი რადიკალურ ენას გაურბიან. თუმცა მთავარი ისევ დროა. რეალობის სიღრმეში შესვლა კვლავაც საშიშია.
„დიდი სახელების“ იმედიღა გვრჩება. წლევანდელი „ოქროს პალმის“ მთავარი ფავორიტების ფილმებს კანის კინოფორუმის მეორე ნახევარში ვიხილავთ.