12 მაისიდან მოყოლებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ იმყოფება. თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე მრავალპროფილური კლინიკა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც პატიმარი პაციენტები მკურნალობენ.
სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ კლინიკაში ექსპრეზიდენტისთვის საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ.
„ძალიან ბევრი გამოკვლევა უტარდება. გამოკვლევების შემდეგ დადებენ დასკვნას. ამ ეტაპზე არ გვაქვს უნდობლობის საფუძველი სამედიცინო პერსონალის მიმართ, მაგრამ მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება გადაწყვეტილებას ექიმების დასკვნების მიხედვით არ იღებს. ვფიქრობ, ახლაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებობს შედარებით ძველი დასკვნა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა 27 აპრილს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის კონსილიუმმა ექსპრეზიდენტი 22 აპრილს მოინახულა და მისი მდგომარეობა ასე შეაფასა: ცილოვანი შიმშილი - ანორექსია.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პაციენტი არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება) და წონაში იკლებს კუნთოვანი მასის ხარჯზე.
კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პოსტტრავმული სტრესული დაავადების, დეპრესიისა და ანორექსიის გამო პაციენტი საჭირო საკვების დღიური დოზის მხოლოდ მეოთხედს იღებს, რის გამოც ის თვეში საშუალოდ 8 კილოგრამს კარგავს. ასევე არ შეუძლია ცილის მიღება, რადგან მის მიმართ აუტანლობა აქვს.
კონსილიუმის რეკომენდაცია იყო, სასწრაფოდ დაწყებულიყო პაციენტის კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
დეკემბრიდან მოყოლებული ექსპრეზიდენტის მონახულებას ვერ ახერხებენ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები. თუმცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჰქონდათ, მათ 6 მაისს მაინც გამოაქვეყნეს დასკვნა და თქვეს, რომ პაციენტი სასწრაფოდ არის გადასაყვანი საზღვარგარეთ მულტიპროფილურ კლინიკაში.
„ეს [დასკვნა] ძალაში რჩება თუნდაც იმის გამო, რომ შვიდი თვის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის არც დიაგნოსტიკა, არც მკურნალობა ეფექტური არ იყო… ადგილობრივ კლინიკას ჩვენ მხოლოდ დროებითი თერაპიისთვის განვიხილავდით. კონკრეტულად რომელ კლინიკაში გადაიყვანენ, ეს თავად მისი და ოჯახის გადასაწყვეტია, მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს კლინიკა „შარიტე“ გერმანიაში, სადაც ნავალნიც მკურნალობდა“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
მარიამ ჯიშკარიანი ითხოვს, საშუალება მისცენ მას და დანარჩენ ექსპერტებს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა შეაფასონ.