მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებასთან, სადაც 17 მაისს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს და როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ხელბორკილდადებულს სცემეს.
აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან ტრანსპარანტებით მივიდნენ. მათ ხმის გამაძლიერებელში ჩართული ჰქონდათ მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც პოლიციელის მხრიდან ძალადობას შეეხება.
გიორგი მჟავანაძე ამ დრომდე რჩება ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის მოინახულა ადვოკატმა და გამოჰკითხა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა - ეს უწყება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზეა სპეციალიზებული. როგორც მჟავანაძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის და აქტივისტს, სავარაუდოდ, 19 მაისამდე დატოვებენ წინასწარ პატიმრობაში.