"სირცხვილია" ინფორმაციას ავრცელებს მოძრაობის დირექტიროს, გიორგი მჟავანაძის დაკავების შესახებ. აქტივისტების გაერთიანების ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში ჯარიმის ჩასაბარებლად მისული მჟავანაძე პოლიციელებმა დააკავეს და ბორკილებდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"განყოფილებაში მისულ გიორგის პოლიციელი ადგილზე არ დახვდა და სთხოვა, დალოდებოდა. ამ დროს, პოლიციის განყოფილების მისაღებში მყოფი სხვა პოლიციელი მიუახლოვდა და დაახლოებით მსგავსი დიალოგი დგება:
- რაზე ხარ მოსული?
- ვიღაც პოლიციელს ველოდები
- შენი ვიღაცაა პოლიციელი?
- სახელი და გვარი არ ვიცი.
ამის შემდეგ, გაღიზიანებულ პოლიციელს უერთდება რამდენიმე თანამშრომელი, გიორგის აგდებენ შენობიდან და “ამას რას ელოლიავებით, დააკავეთ” ბრძანების შემდეგ ადებენ ხელბორკილებს.
ბორკილებდადებულ გიორგის 3 პოლიციელი რამდენჯერმე ურტყამს სახეში ხელს!" - წერს მოძრაობა სირცხვილია ფეისბუკის გვერდზე. მათი თქმით, შემთხვევა პოლიციის გამყოფილების პირველ სართულზე მოხდა, ცენტრალური შესასვლელის სიახლოვეს, თუმცა გიორგის პოლიციელებმა უთხრეს, რომ კამერები შენობაშიც და მის სიახლოვესაც გამორთული იყო.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მჟავანაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული 173 მუხლის დარღვევისთვის, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისი განყოფილებაში ცემის შესახებ უწყება კომენტარს არ არ აკეთებს.
გიორგი "სირცხვილიას" ცნობით, ამჟამად ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მოძრაობის ადვოკატი უკვე დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველის აპარატს.