საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა, აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს აქციები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანის მოთხოვნით.
10 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა. იმავე დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, თუმცა, იმ პირობებით, რომ მასთან მუდმივად უშვებდნენ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიულ ექსპერტებს ცენტრ "ემპათიიდან"; ასევე სამუშაო საათებში მასთან შესვლის უფლება ჰქონდეთ ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს. პირობებს შორისაა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებულ ყველა გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და მკურნალობის შემდეგი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების განსაზღვრაში მონაწილეობა პარიტეტული შემადგენლობით ხდებოდეს, "ემპათიის" ჩართულობით და თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.
11 მაისს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დათქმების გარეშე ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით. იმავე დღეს, საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მედიას უთხრა, რომ ასეთ დროს არავითარ ვაჭრობას თუ წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და მთავარია, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში” დროულად გადაიყვანონ, რაზეც მან ციხის ადმინისტრაციას თანხმობა განუცხადა.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე მრავალპროფილური კლინიკა „ვივამედი“ ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.