თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ამ ეტაპზე ისევ არ დააკმაყოფილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა და არ დაავალა პენიტენციურ სამსახურს, მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად პატიმართან შეუშვან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი. საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ, 11 მაისის სხდომაზე გამოაცხადა, რომელზეც სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმე, ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საკითხი განიხილებოდა.
იმის მიუხედავად, რომ სასამართლო სხდომაზე ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საკითხზე პენიტენციური სამსახურიდან მიღებული უარის წერილი გააცნო, ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ პენიტენციურ სამსახურში სასამართლოდან დამატებითი წერილი გაიგზავნებოდა და მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვების საკითხს დამატებით მოიკვლევდა.
ცენტრ "ემპათიის" ექსპერტების მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესია ითხოვენ. მათ შორის, გუშინ, 10 მაისს, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავდა, გამოთქვა მზაობა, მოესმინა რომელიმე ექსპერტისთვის საჭირო კვლევებთან დაკავშირებით. გუშინდელი სხდომა, მოსამართლის შეფასებით, ადვოკატების "ჩამოუყალიბებელი პოზიციების" გამო გადაიდო. "ემპათიის" ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღევანდელ სხდომაზე მოუსმინა.
"წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ვიზიტების რაოდენობას. ვინაიდან ექსპერტთა ჯგუფი შედგება 7 ექსპერტისგან, მიზანშეწონილი არ არის, რომ ერთ ვიზიტზე ამოიწუროს შვიდი ექსპერტის შესვლა, შესაბამისად გაგრძელდება 10 ვიზიტი მაინც. ჩვენ არ ვიცით ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება იყოს ერთი ვიზიტი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და კატეგორიულად მოვითხოვოთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი ვიზიტი და ჩაერთოს მეტი ექსპერტი, ამას განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობა", - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
როგორც ნინო ჩახნაშვილმა თქვა, ამ საკითხის განხილვას შემდეგ სხდომაზე დაუბრუნდება, რომელიც რამდენიმე დღეში, 16 მაისს გაიმართება.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის ბოლო დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს.