Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო თსუ-ს მოუწოდებს, სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება უზრუნველყოს


განათლების სამინისტროს შენობა.
განათლების სამინისტროს შენობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მათ მოთხოვნას სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიურობის საკითხს, თუმცა მოელის, რომ სტუდენტების მოთხოვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენიმე აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში შემოღებული ჰიბრიდული სწავლების მეთოდი, სექტემბრამდე შენარჩუნდეს.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები აცხადებენ, რომ თბილისში ბინის გაძვირებული ქირის გამო, რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც ასობით ახალგაზრდა საერთოდ განათლების გარეშე რჩება.

უნივერსიტეტს ორი სტუდენტური საცხოვრებელი აქვს - ლისის ტბაზე და ბაგებში. „ღირსების შემლახავი“ - ორი სიტყვით ასე აფასებენ სტუდენტები სიტუაციას ბაგებში. რაც შეეხება ლისს, სტუდენტები ამბობენ, რომ იქ ცხოვრება მეტ-ნაკლებად კიდევ შეიძლება, მაგრამ შორია და ტრანსპორტიც ჭირს.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს 18 თებერვალს მიეწოდათ და, შესაბამისად, მათ 2 თვეზე მეტი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკური პრობლემები მოეგვარებინათ, მეორე მხრივ კი, ორწლიანი პაუზის შემდეგ ფსიქოლოგიურად მომზადებულიყვნენ აუდიტორიაში სწავლისთვის.

XS
SM
MD
LG