სტრატეგიულ პორტ მარიუპოლში, ინტენსიური შეტევის ობიექტად ქცეულ "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის შენობაში დარჩენილი ბოლო უკრაინელი სამხედროები 8 მაისს აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ, იმ ფონზე, როცა მათ გააფთრებული ბრძოლა ელით რუსეთის ძალებთან, ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის შემდეგ.
"ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ცოცხლები ვიქნებით, იმისთვის, რომ რუს ოკუპანტებს უკან დავახევინოთ", - ამბობს კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი, უკრაინის "აზოვის" დანაყოფის მეთაურის მოადგილე, ინტერნეტით გადაცემულ პრესკონფერენციაზე.
"ბევრი დრო არ გვაქვს, ინტენსიური სროლის ქვეშ ვართ", - ამბობს პალამარი და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის პროცესში.
ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ "აზოვსტალიდან" სამოქალაქო პირების ევაკუაცია დასრულებულია.
"აზოვსტალის" ქარხანამ, რომლის გვირაბებსა და ბუნკერებში 2000-მდე უკრაინელი მცველია გამაგრებული, ომში მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებათ 9 მაისის, ანუ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის წინ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემზადება მოლაპარაკებისთვის "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებთან, უკრაინის რუსეთთან ომის სტატუსის თაობაზე. მოელიან, რომ ვიდეოთი გამართული შეხვედრისას ბრიტანეთი გამოაცხადებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებითი 1.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას.