Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი აცხადებენ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე კუნძულ ზმეინიზე


კუნძული ზმეინი, უკრაინა
კუნძული ზმეინი, უკრაინა

უკრაინის და რუსეთის მხარეები უკვე მეორე დღეა აცხადებენ ბრძოლებზე შავი ზღვის აკვატორიაში, უკრაინის კუნძულ ზმეინისთან ახლოს. მხარეები აცხადებენ დანაკარგზეც, რომლებიც მოწინააღმდეგემ განიცადა. ომის პირობებში ამ განცხადებების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია და ძირითადად არ ხერხდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა 8 მაისს იუწყება, რომ "ბაირახტარის" ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატებმა გაანადგურეს "რაპტორის" ტიპის ორი და "სერნას" ტიპის ერთი სადესანტო კატერი. ამავე დროს, უკვე ორი დღეა იუწყებიან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ტორის" განადგურებაზეც.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოც, რომელიც, სავარაუდოდ, დრონიდანაა გადაღებული და აჩვენებს, როგორ ახორციელებს დარტყმებს "სუ-27"-ის ტიპის ორი თვითმფრინავი კუნძულ ზმეინიზე განლაგებულ ობიექტებზე. იუწყებიან, რომ საუბარია უკრაინის თვითმფრინავებზე, თუმცა უცნობია, როდის არის ეს ვიდეო გადაღებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 მაისს გამოაცხადა, რომ ღამით კუნძულთან განადგურებულ იქნა "უკრაინის ორი ბომბდამშენი სუ-24 და ერთი ვერტმფრენი მი-24", მანამდე კი ოდესის რაიონში განადგურდა უკრაინის ხომალდი.

კრემლის მომხრე არხები ტელეგრამზე ირწმუნებიან, რომ რუსეთის სამხედროებმა კუნძული ახლახან დატოვეს, მის შემდეგაც იქ ვერტმფრენებით გადასხდომას შეეცადა უკრაინის დესანტი, რომელიც თითქოს განადგურებულ იქნა. ვრცელდება ვიდეოც, რომელიც ასახავს ზმეინის თავზე ვერტმფრენზე დარტყმას, თუმცა უცნობია, კონფლიქტის რომელ მხარეს ეკუთვნის ეს ვერტმფრენი. უკრაინის მედია აცხადებს, რომ ის რუსეთის ძალებისაა.

8 მაისს გრძელდება სარაკეტო დარტყმები ოდესის ოლქის ობიექტებზე, რაც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს წინააღმდეგობის გაგრძელებას კუნძულ ზმეინის გარშემო. ამ კუნძულის გაკონტროლება აადვილებს კონტროლის დამყარებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე.

კუნძული ზმეინი უკრაინაში და მსოფლიოში ცნობილი გახდა მას მერე, რაც უკრაინის ძალები გმირობისთვის დააჯილდოვეს, როცა მათ უარი თქვეს დანებებოდნენ რუსეთის ძალების ხომალდ "მოსკვადან" გაცემულ მოწოდებებს, შემდეგ კი ამ დიალოგის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

XS
SM
MD
LG