Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ შემოუშვა საქართველომ ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი მკვლევარი?


აიდა ბალაფქანი
აიდა ბალაფქანი

თეირანში დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე აიდა ბალაფქანი 26 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, დიდ ბრიტანეთში გააბრუნეს. 29 წლის მკვლევარს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცა. აიდა ფიქრობს, რომ ის საქართველოში ეთნიკური ნიშნით არ შემოუშვეს, რადგან მისმა ბრიტანელმა მეუღლემ, რომელიც აიდასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, საზღვარი შეუფერხებლად გადმოკვეთა.

ახლა აიდა დიდი ბრიტანეთიდან ცდილობს მოიპოვოს საქართველოში ჩამოსვლისა და კვლევის გაგრძელების უფლება. 6 მაისს მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ბათილად ცნონ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება მისი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.

„არც ვიცი, მოკლედ როგორ უნდა აღვწერო ის, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადავიტანე. ახლაც კი არ მჯერა, რა გადამხდა თავს. გარდა იმისა, რომ უხეშად მეპყრობოდნენ სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, არავინ არაფერს გვიხსნიდა არც მე და არც ჩემს ქმარს“, - იხსენებს აიდა ბალაფქანი.

აიდა 1993 წელს თეირანში დაიბადა. 2008 წელს, დედ-მამასთან ერთად, ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მშობლები ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტები არიან. აიდამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო. დღეს ის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ანთროპოლოგიის განყოფილების დოქტორანტია და სადოქტორო ნაშრომს წერს ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების შესახებ. საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანიც სწორედ კველევის დაწყება იყო:

აიდა ბალაფქანი
აიდა ბალაფქანი

„ვთანამშრომლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. საქართველოში მაქსიმუმ სამი კვირით ვაპირებდით დარჩენას. მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე ანთროპოლოგია, 26 აპრილს ჩამოვფრინდით თბილისში და უკან დასაბრუნებელი ბილეთი 17 მაისისთვის გვქონდა აღებული. დაქირავებული გვქონდა სასტუმროც. იმ სამი კვირის განმავლობაში, რომელიც საქართველოში უნდა გაგვეტარებინა, ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ვგეგმავდი კვლევით საქმიანობას ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების თაობაზე, ვაპირებდი საველე სამუშაოების ჩატარებას, მუზეუმების, მაღაზიების მონახულებას, ინტერვიუებს ხალიჩების ადგილობრივ ოსტატებთან, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მოულოდნელი სცენარით განვითარდა მოვლენები“.

აიდას უჭირს იმ საათნახევრის გახსენება, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამართალდამცავების გარემოცვაში, მარტომ გაატარა. როგორც ის გვიყვება, შემოწმების პროცესში აიდასთან ყოფნის უფლება არ მისცეს მის ქმარს:

"მე ბრიტანეთის მოქალაქე ვარ, თუმცა, დავიბადე თეირანში. ჩემი ქმარი ბრიტანეთშია დაბადებული. ის საზღვარზე უპრობლემოდ შეუშვეს, მე კი ცალკე გამიყვანეს. როდესაც მესაზღვრეებს განმარტებას ვთხოვდი, რატომ არ მიშვებდნენ და რა იყო ჩემი შეფერხების მიზეზი, მიყვიროდნენ, აგდებულად მელაპარაკებოდნენ. არ ვიცი, სხვა რა უნდა ვიფიქრო, თუ არა ის, რომ ასეთი მოპყრობის მიზეზი ჩემი წარმომავლობაა, ის, რომ თეირანში დავიბადე. ჩემსა და ჩემს ქმარს შორის განსხვავება მხოლოდ დაბადების ადგილი იყო. ის უპრობლემოდ შემოუშვეს საზღვარზე. მე მარტო აღმოვჩნდი, ძალიან შემეშინდა, ვტიროდი, ვთხოვდი ახსნა-განმარტებებს, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი ისე უცებ მოხდა. თბილისში დილის 4 საათზე ჩამოვფრინდით და საათნახევარში, 5:20 წუთზე, უკვე მიუნხენის რეისზე დამსვეს და დამატოვებინეს საქართველო. წერილი ჩემი დეპორტაციის განმარტებით თვითმფრინავის წარმომადგენელს მისცეს. როდესაც წერილი ვნახე, იქ განმარტებული იყო, რომ კანონით გათვალისწინებული „სხვა შემთხვევების“ გამო არ შემიშვეს საქართველოში. თუმცა, ეს რას ნიშნავდა, ვერ გავიგე“.

თუკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, აიდას, სავარაუდოდ, სადოქტორო ნაშრომის თემის შეცვლა მოუწევს:

„სიმართლე გითხრათ, ახლა არ ვიცი, რა ბედი ელის ჩემს კვლევას და ჩემს სამომავლო გეგმებს. ფაქტობრივად, ერთ საათში ყველაფერი თავდაყირა დადგა. სამწუხაროდ, როდესაც სადოქტორო ნაშრომზე მუშაობ, განსაზღვრული დრო გაქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ახლა მომიწიოს ჩემი სადოქტორო თემის შეცვლა. მართლა ვერ ვხვდები, გარდა ჩემი ეთნიკური წარმომავლობისა, სხვა რა მიზეზით უნდა ეთქვათ უარი საქართველოში შემოსვლაზე“.

აიდა საქართველოში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შემოუშვეს. ამ ნორმის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.

თუ რას ნიშნავს და კონკრეტულად რა იგულისხმება „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“, ეს აიდასთვის არავის განუმარტავს.

აიდა ბალაფქანის სამართლებრივ ინტერესებს საქართველოში ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. აიდა არ არის უცხო ქვეყნის პირველი მოქალაქე, რომელიც ამ მუხლისა და ამგვარი „განმარტების“ საფუძველზე არ შემოუშვეს საქართველოში. „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი საქმე დაუგროვდა.

ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ კანონში არსებული ეს ბუნდოვანი ნორმა ჭარბ დისკრეციას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს და შეიცავს ადამიანის უფლების დარღვევის მაღალ რისკებს. თამთა მიქელაძის თქმით, ეს მუხლი წარმატებით გამოიყენება, როგორც დისკრიმინაციული იარაღი, რომელსაც თან ახლავს ადამიანის უფლების დარღვევის მძიმე გამოცდილებები და რომელიც არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას, არამედ ასევე ზღუდავს პირად და ოჯახურ ურთიერთობებს, განვითარების უფლებას და სხვა.

თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებას უხსნის, როგორ განმარტავენ ამ მუხლს სამართალდამცავები სასამართლო სხდომებზე:

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„როგორც სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, სინამდვილეში, ამ მუხლს სამართალდამცავი ორგანოები განმარტავენ, რომ არსებობს შსს-ს მიერ შედგენილი სიები, სადაც ადამიანები შეჰყავთ უსაფრთხოების არგუმენტებიდან გამომდინარე და ამ სიების საფუძველზე ეუბნებიან მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხის სამართლებრივი რეგულირება არ ხდება, არ არსებობს სამართლებრივი სტანდარტი და პროცედურა, თუ როგორ ხდება ადამიანების შეყვანა ან გამოყვანა ამგვარ სიაში. ამიტომ ეს პროცესი და თავად ეს მუხლიც მთლიანად თვითნებურია“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წლებია აწარმოებს სასამართლო დავებს სხვა მსგავს საქმეებზე. მათ შორის, ერთ-ერთია მუსლიმი მესხი სტუდენტის, ხალილ სარვაროვის საქმე.

მესხი მუსლიმი, აზერბაიჯანის მოქალაქე ხალილ სარვაროვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. 2018 წლამდე ის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებდა განათლებას საქართველოში, თუმცა, 2018 წლის საზაფხულო არდადეგების შემდგომ, როდესაც ის აზერბაიჯანიდან თბილისში ბრუნდებოდა, მას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. უარის მიზეზად სამართალდამცავებმა სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი და "სხვა შემთხვევები" მოიშველიეს.

საქართველოში შემოსვლაზე უთხრეს უარი 2018 წელს რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტს, ასლანბეკ დადაევსაც. ასლანბეკ დადაევი ხშირად ჩამოდიოდასაქართველოში ჩამოსვლა და აქტიურად წერდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურის საკითხებზე. 2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს ასლანბეკ დადევი პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე ამზადებდა მასალას. მალევე, მას კვლავ სურდა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს ის საზღვარზე აღარ შემოუშვეს.

გარდა ამ საქმეებისა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებული სხვა მოქალაქეების ინტერესებსაც იცავს:

„ყველა ეს საქმე მიმდინარეა და არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილებულა ჩვენი მოთხოვნა. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო იშველიებს გაურკვეველ უსაფრთხოების არგუმენტს და ამ ინფორმაციაზე ჩვენ წვდომა არ გვაქვს, რადგან საიდუმლოა და შესაბამისად, საფუძვლიანადაც კი ვერ ვდაობთ და მხოლოდ იმის იმედად ვართ, რომ სასამართლო ამ ინფორმაციას კეთილსინდისიერად შეამოწმებს“, - გვეუბნება თამთა მიქელაძე.

აიდა ბალაქფანის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის ფაქტი გააპროტესტა აკადემიურმა სივრცემ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის მკვლევრების ინიციატივით შეიქმნა ონლაინ-პეტიციაც, რომელსაც 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარი და მეცნიერი აწერს ხელს.

თამთა ხალვაში, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორია. აიდას მსგავსად ისიც ვარაუდობს, რომ მკვლევარი ქვეყნიდან სწორედ მისი ირანული წარმომავლობის გამო გააძევეს.

როგორც თამთა ხალვაში უყვება რადიო თავისუფლებას, აიდა მას დაახლოებით 10 თვის წინ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ის სადოქტორო კვლევისთვის საქართველოში ჩამოსვლასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას გეგმავდა.

„ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯს, აიდასთან, როგორც დოქტორანტთან, ჰქონდა მოთხოვნა, რომ მისი კვლევის ეთიკური მხარე დადასტურებული ყოფილიყო იმ სამეცნიერო სივრცის მიერ, სადაც ის მიდიოდა საკვლევად. ანუ, ამ შემთხვევაში, მისი კვლევის ჩარჩო ეთიკურად დამტკიცებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამეცნიერო ანთროპოლოგიური საზოგადოების მიერ. ჩვენს სადოქტორო პროგრამას აქვს ჩვენი ეთიკის კოდექსი და ამ ეთიკის კოდექსის შესაბამისად, აიდას განაცხადი მივიღეთ და დავუდასტურეთ, რომ მისი კვლევა შეესაბამება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ანთროპოლოგიის ეთიკის კოდექსს. ეს იყო ჩვენი ოფიციალური კომუნიკაციის შინაარსი, რომლის საფუძველზეც აიდამ თავისი უნივერსიტეტიდანაც მიიღო უფლება, რომ ჩამოსულიყო საქართველოში შემდგომი კვლევის მიზნით. მისთვის საზღვარზე არც კი უკითხავთ ვიზიტის მიზანი, ჰქონდა თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც შეეძლო დაედასტურებინა, რომ საქართველოში კონკრეტული სამეცნიერო მიზნით მოდიოდა. ის ფაქტი, რომ ლონდონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ჩვენ მოგვმართა ეთიკის დამადასტურებელი საბუთის მისაღებად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო“.

პეტიციის ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირველ რიგში განმარტონ, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში მკვლევარი და მეორე, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება ეთნიკური თუ სხვა დისკრიმინაციული ნიშნით ქვეყნიდან დეპორტაციის ფაქტების აღმოფხვრისკენ. მათი განცხადებით, მსგავსი შემთხვევები აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე ქართული სამეცნიერო წრის საერთაშორისო იმიჯს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დამატებითი განმარტებები 29 წლის მკვლევრის საქართველოდან დეპორტაციის შესახებ არ გაკეთდება.

რადიო თავისუფლებამ აიდა ბალაქფანის დეპორტაციის საქმეზე კითხვით მიმართა ბრიტანეთის საელჩოს თბილისში. საელჩოს წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ მათთვის ცნობილია, ბრიტანეთის მოქალაქის საქართველოდან დეპორტაციის ფაქტის შესახებ. მათივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის სტრუქტურებთან.

XS
SM
MD
LG