Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიფტში განცხადებაა გამოკრული: უკრაინელმა სტუმრებმა სასტუმროს ტერიტორია უნდა დატოვონ


უკრაინიდან ლტოლვილი ოკსანა გორგილაძე მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრის“ ნომერში.
უკრაინიდან ლტოლვილი ოკსანა გორგილაძე მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ბათუმში, სასტუმრო „თანამგზავრის“ ნომერში.

ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ მცხოვრებ უკრაინიდან ლტოლვილებს სასტუმროს მენეჯმენტმა, რამდენიმე დღეში საცხოვრებლის დაცლა მოსთხოვა.

ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ მცხოვრებ უკრაინიდან ლტოლვილებს სასტუმროს მენეჯმენტმა, რამდენიმე დღეში საცხოვრებლის დაცლა მოსთხოვა. ლარისა ვაკულენკო, ხარკოვში მასწავლებელი იყო. ახლა შვილთან ერთად „თანამგზავრის“ ერთ-ერთ ნომერში ცხოვრობს. ამბობს, რომ ორი დღის წინ სასტუმროს ადმინისტრაციიდან დაურეკეს და ნომრის დაცლა მოსთხოვეს. შემდეგ განცხადება სასტუმროს ლიფტშიც გამოაკრეს. სასტუმრო „თანამგზავრში“ მცხოვრები უკრაინის 80-მდე მოქალაქე, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები, ღია ცის ქვეშ ვრჩებითო, გვეუბნება ლარისა.

„ახლა არ ვიცით, სად წავიდეთ. აი, წვიმა მოდის. ვეძებთ, სად უნდა წავიდეთ?! ფასები ყველგან მაღალია, 500 და 400 დოლარს ითხოვენ ერთოთახიან ბინაში. ჩვენ სად გვაქვს ასეთი თანხა? ლიფტში განცხადებაა გამოკრული, რომ უკრაინელმა სტუმრებმა სასტუმროს ტერიტორია უნდა დატოვონ. ბოლო დღეა 6 მაისი 12 საათამდე. მიზეზი არავის აუხსნია“.

მიზეზის დადგენა და გამოსავლის პოვნა ლარისა ვაკულენკომ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ბათუმის მერიასა და უკრაინელების დახმარების შტაბში რამდენიმე დღის წინ სცადა. თუმცა, პასუხი ვერ მიიღო - სად უნდა წავიდნენ უკრაინის მოქალაქეები?

სასტუმრო „თანამგზავრში“ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქემ, ოკსანა გორგილაძემ იცის, რატომაც სთხოვეს უკრაინის მოქალაქეებს ძვირადღირებული სასტუმროს დაცლა - „ზღვის ტურისტული სეზონი მოდის, სასტუმრო დამსვენებლების მიღებისთვის ემზადება და ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. ძალიან მადლიერებიც ვართ. მაგრამ სამ შვილთან ერთად ქუჩაში დარჩენის მეშინია“, - ამბობს დნეპრიდან (უკრაინულად დნიპრო) ბათუმში 18 მარტს ჩამოსული ქალი.

ოსკანამ 2 წლის გოგოსთან და 7 თვის ტყუპებთან ერთად ავტობუსით ჯერ სტამბოლამდე, შემდეგ ბათუმამდე ჩამოაღწია.

რამდენი დღე მოვდიოდით, აღარ მახსოვს. ღამით ტრანსპორტი ჩერდებოდა და ბავშვებთან ერთად ვიმალებოდით. მთელი საშინელება, რაც უკრაინაში ხდება, საკუთარი თვალით ვნახეთ. ბათუმში რომ ჩამოვაღწიე, ჩემს უმცროსს ძმას, რომელიც უკრაინაში დარჩა, ვიდეოზარით დავურეკე, მაგრამ ვერ მიცნო, რადგან რამდენიმე წლით დაბერებული ვიყავი, თმები კი ერთ კვირაში სრულიად გამიჭაღარავდა“, - იხსენებს ოკსანა.

ჰყვება, რომ საქართველოში სრულიად უსახსროდ ჩამოსული, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით სასტუმრო „თანამგზავრში“ მოათავსეს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სასტუმროს ადმინისტრაციამ დროებითი საცხოვრებლის დაცლის შესახებ გააფრთხილა. დღეს მას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდა და უთხრა, რომ უკრაინიდან ჩამოსულებს სასტუმროში დარჩება კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

„შემდეგ რა იქნება, გაუგებარია. გვითხრეს, რომ შესაძლოა გამოინახოს სახსრები და ჩვენ გადაგვიყვანონ ბათუმის შემოგარენში სხვა სასტუმროში. თუმცა, ჯერ ვარიანტები არ აქვთ და არაფერს გვპირდებიან. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, ქირით გავიდა. 80-მდე დევნილს კი წასასვლელი არსად აქვს“, - ოკსანა ამბობს, რომ თანახმა არიან ნებისმიერ საცხოვრებელზე, რომელსაც საქართველოში დროებით შესთავაზებენ, ვიდრე მის ქალაქში საომარი მოქმედებები დასრულდება.

"იქ მამაა, იქ სახლია, იქ ყველაფერი მშობლიურია"
please wait

No media source currently available

0:00 0:07:07 0:00

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხელისუფლება საცხოვრისის გარეშე არ დატოვებს უკრაინის არცერთ მოქალაქეს, რომელიც საომარი მოქმედებების გამო დროებით აჭარაში ცხოვრობს და დახმარებას ითხოვს.

თინათინ ზოიძე
თინათინ ზოიძე

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე აღნიშნავს, რომ სასტუმროების მფლობელებმა უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში დაუთმეს უკრაინელებს სასტუმროს ნომრები. საზღვაო ტურისტული სეზონის დაწყების გამო კი მათთვის ალტერნატიული საცხოვრებლების მოძიებას ტურიზმის დეპარტამენტი ახლა ცდილობს. ლაპარაკია 5- ვარსკვლავიან სასტუმრო „ინტურისტსა“ და 4-ვარსკვლავიან სასტუმრო „თანამგზავრში“ მცხოვრები 250 მოქალაქისთვის ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიებაზე:

გაზრდილია მომართვიანობა საზღვრიდან. უკრაინის უფრო მეტი მოქალაქე შემოდის და ითხოვს დახმარებას. ამავე დროს, საქართველოს სხვა რეგიონში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიც ბათუმში მოდიან და აქ ითხოვენ საცხოვრებელს. ამ საკითხებზე კოორდინირებულად აჭარის მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება ვმუშაობთ. იმ პირებისთვის, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებში არიან განთავსებული, ვეძებთ ალტერნატიულ ფართებს. ეს შეიძლება იყოს დაბალი კლასის სასტუმროები ქალაქგარეთ. მოგეხსენებათ, საზღვაო ტურიზმის სეზონი მოდის“, - ამბობს თინათინ ზოიძე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი გამოიყო. ბათუმის სასტუმროებში განათავსეს უკრაინის 400-მდე მოქალაქე. ქვეყნის საზღვრის კვეთის მონაცემებით კი, აჭარაში იანვრის თვიდან აპრილის ჩათვლით, უკრაინის 5006 მოქალაქე შევიდა.

XS
SM
MD
LG