გაეროს თანახმად, 5 მილიონს გადააჭარბა იმ უკრაინელთა რიცხვმა, რომლებმაც რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს ქვეყანა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადია ევროპაში.
გაეროს ლტოლვილთა უწყების (UNHCR) მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უკრაინიდან 5 034 439 ადამიანი გაიქცა ომის გამო, რომელიც რუსეთმა დაიწყო 24 თებერვალს.
გაეროს თანახმად, ლტოლვილთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ასაკის მამაკაცებს არ დართო ქვეყნის დატოვების ნება.
გაერომ 5 აპრილს განაცხადა, რომ თავად უკრაინის ფარგლებში 7,1 მილიონი ადამიანი იქცა ადგილნაცვალ პირად.
უკრაინელი ლტოლვილები ძირითადად მიაშურებენ პოლონეთს, რომელმაც ყველაზე მეტი, 2,83 მილიონი ლტოლვილი შეიფარა. შემდეგ მოდის რუმინეთი, რომელმაც 757 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ორივე შემთხვევაში ლტოლვილთა ნაწილმა სხვა ქვეყნებში გააგრძელა მოგზაურობა.
უკრაინის კიდევ ერთმა მეზობელმა და ევროკავშირის წევრმა, უნგრეთმა, 471 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
ევროპის ერთ-ერთმა უღატაკესმა ქვეყანამ, მოლდოვამ, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარეობს, 24 თებერვლის შემდეგ 426 000-ზე მეტი ლტოლვილი შეიფარა.
სლოვაკეთში, რომელსაც 100 კილომეტრზე მოკლე საზღვარი აქვს უკრაინასთან, 342 000 უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა. ბევრად უფრო ნაკლები, 24 000 ლტოლვილი, რუსეთის მთავარი მოკავშირის, ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა.