აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიასთან საუბარში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და სრულად ენდობიან სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. ელჩმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს ომბუდსმენის რეკომენდაციებს.
კელი დეგნანი ოზურგეთში იმყოფებოდა, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში. მან ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენ ყველანი ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას. მოვუწოდებთ, რომ ის ნახოს კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა. ჩვენ სახალხო დამცველის ოფისისადმი სრული ნდობა გვაქვს, რომელიც ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სერიოზულად მოეკიდოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლების დაცვის მანდატი. სახალხო დამცველი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევა და გვაქვს სრული ნდობა მისი რეკომენდაციების მიმართ, როგორც ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებული მოქმედების საუკეთესო კურსის მიმართ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
4 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს ცენტრ „ემპათიის" ექსპერტები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.