Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინას მტკიცებულებების წარდგენა მართებს მეგობართან, რომელსაც რუსეთის ჩართულობით სამი ომი აქვს გამოვლილი


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "სამწუხაროს" უწოდებს უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ომის დროს მნიშვნელოვანია ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურმა 30 აპრილს გაავრცელა და რომელიც შეეხებოდა იმას, რომ მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტისთვის.

სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთ სახის განცხადებებს, უკვე ჯერადობამაც კი იმატა ასეთი განცხადებების და მას არც რაიმე შედეგი აქვს, არც იმ კუთხით, რომ სერიოზულად მოხდეს საზოგადოების თუ საექსპერტო წრეებში [განხილვა] და მათ შორის ოპოზიციაც კი, ნაწილობრივ, ასეთ განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ხდება ასეთი ბრალდებების წამოსროლა საქართველოს მიმართ ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც უკრაინის დაზვერვის მხრიდან მტკიცებულების წარმოდგენის მოლოდინს შეეხებოდა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ არ იცის, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვის სამსახური, თუმცა მათი განცხადებები არგუმენტებს არ შეიცავს.

„მე არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა. მე ერთი რამე ვიცი: როდესაც იმ მეგობრის, რომელიც, გვერდში გიდგას ყველანაირად - პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად, იმ მეგობრის წინააღმდეგ როდესაც წააყენებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, აქ მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო. როდესაც ასეთი მტკიცებულება წარდგენილი არ არის, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ყველა დავრწმუნდით, რომ ეს ბრალდება იყო ტყუილი. ხელშესახები განცხადებაც კი არ იყო, იყო უბრალოდ ნათქვამი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც იყო ამ შემთხვევაში ჩართული, თითქოს, რაღაც... კონკრეტულადაც კი არაფერი არ თქმულა, უბრალოდ ბრალდება იყო, რაც სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუციები სხვადასხვანაირად მოქმედებენ, სამწუხაროდ, ამას ერთადერთი შედეგი საბოლოო ჯამში რაც აქვს, არის ის, რომ ამ ინსტიტუტების განცხადებებს ფასი ეკარგება. არადა, ასეთ მდგომარეობაში, როდესაც არის ომი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ, 2 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი გამოიძახეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გუშინვე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გაუგებარი უწოდა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გავლენის შესამცირებლად, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს.

30 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობასა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს, სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ ამ მიზნით ჩამოთვლილ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა, საქართველოს იყენებდეს სანქციების გვერდის ასავლელად, პირველი არ არის. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა.

მაშინ დაზვერვა საუბრობდა იმაზე, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“, - ამტკიცებდა უკრაინის დაზვერვა აპრილის თვეში. საქართველოს მთავრობამ და ოფიციალურმა უწყებებმა მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს და "ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებად" შეაფასეს.

XS
SM
MD
LG