Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის გამო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო უწყებაში გამოიძახეს


ანდრი კასიანოვი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში (მარცხნივ), თეიმურაზ ჯანჯალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (მარჯვნივ). შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2 მაისი, 2022 წელი
ანდრი კასიანოვი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში (მარცხნივ), თეიმურაზ ჯანჯალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (მარჯვნივ). შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2 მაისი, 2022 წელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 მაისს, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრი კასიანოვთან. „დიპლომატი საგარეო უწყებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნა გამოძახებული“, - ნათქვამია საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, „თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას“.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებების და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა სთხოვა, „განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე (2022 წ. 5 აპრილს)“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას კიევს გადასცემს.

„შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ანდრიი კასიანოვმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისათვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დღეს, 2 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გაუგებარი უწოდა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გავლენის შესამცირებლად, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ ამ მიზნით ჩამოთვლილ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი, შესაძლოა, საქართველოს იყენებდეს სანქციების გვერდის ასავლელად, პირველი არ არის. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა.

მაშინ დაზვერვა საუბრობდა იმაზე, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“, - ამტკიცებდა უკრაინის დაზვერვა აპრილის თვეში. საქართველოს მთავრობამ და ოფიციალურმა უწყებებმა მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს და "ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებად" შეაფასეს.

XS
SM
MD
LG