Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვენ


ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, გაუგებარია უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გავლენის შესამცირებლად რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს, 2 აპრილს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს.

პირველი არის ის, რომ მკაფიოდ იქნა გაცხადებული საქართველოს მთავრობის მიერ, რომ საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და ქვეყანა. შესაბამისად, საქართველომ ამ მიმართულებით გადადგა ყველა ის ნაბიჯი და ყველა ის ქმედება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს აღნიშნული განცხადება. ეს შეეხება როგორც საფინანსო სანქციებს, ასევე კონკრეტულ საქონელთან მიმართებით დაწესებულ სანქციებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს აღნიშნული სანქციები, დეტალურად არიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები ინფორმირებული, თუ რას აკეთებს საქართველო, თუ რა ღონისძიებებს ატარებს და ჩვენ პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ცვლის დამაზუსტებელ ინფორმაციას და ეს პროცესი უზრუნველყოფს და გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას.

„ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობის საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დეტალურად იქნეს განმარტებული ყველა ის სანქცია, რა სანქციაც არის დაწესებული. საფინანსო სექტორში ეს არის ერთიანი სისტემა და ბუნებრივია, რომ ამ სისტემას მიერთებულია საქართველოს საფინანსო სექტორი, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები და ინსტრუქციები უზრუნველყოფს იმ შედეგს, რა შედეგიც ამ მიმართულებით უნდა დადგეს. მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის სახით საფინანსო სექტორს ჰყავს მყარი, საიმედო რეგულატორი, შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე სირთულეებს არ ველოდებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება საქონლის ბრუნვას, მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს და ევროკავშირს აქვთ კონკრეტული საქონლის ჩამონათვალზე დაწესებული სანქციები, რომელთა შეტანაც ევროკავშირიდან რუსეთში აკრძალულია და პირიქით. მისი თქმით, საუბარია არა სრულ აკრძალვაზე, არამედ არის კონკრეტული საქონლის ჩამონათვალი, კონკრეტული საბაჟო კოდებით და მხოლოდ არ ნაწილზე ვრცელდება სანქციები.

„ეს არის კონკრეტული ჩამონათვალი საქონლის. ეს ჩამონათვალი არის ხელმისაწვდომი, მათ შორის ევროკავშირის ვებგვერდზე, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ხაზინის ვებგვერდზე, ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდზე, რომელსაც აქვს დაწესებული სანქციები. შესაბამისად, ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, რეგულატორთან, იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები და ისინი არიან სრულად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველო“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, უკვე მეორედ ვრცელდება ინფორმაცია დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან თითქოს გვერდის ავლის თაობაზე, დამატებითი განმარტებების გარეშე. მისი თქმით, სახელმწიფო დონეზე მოითხოვენ განმარტებას, თუ რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები.

შინაარსობრივად რომ შევხედოთ, განცხადების მიხედვით საუბარია, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია, შესაძლებელია რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა. პირველ რიგში, ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ დაწესებული სანქციები, ამის არანაირი საჭიროება არ აქვთ, ბუნებრივად არ არსებობს, ასეთი საბაჟო ოპერაციები არ კეთდება, როდესაც სანქციები არ არის დაწესებული და საქართველო იყოს რეექსპორტის ქვეყანა. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტის ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელი პროდუქციაც არ არის სანქცირებული, მხოლოდ მეორე შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უშუალოდ სანქციები აქვთ დაწესებული, ამ ქვეყნებში არ მოხდეს რუსული პროდუქცია. ამ ნაწილში არის ძალიან მკაცრი კონტროლი, საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო რისკების შესაბამისად, შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით და პროფილები სანქციების დაწესებულია პირველი დღიდან და არის საბაჟო სისტემაში იმპლემენტირებული“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი სიტყვებით, წარმოუდგენლად მიაჩნია, სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, „მას მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირიც ცალკე კონტროლს ახორციელებს ასეთი პროდუქციის შეტანაზე. შესაბამისად, გაუგებარია ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ ამ მიზნით ჩამოთვლილ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა საქართველოს იყენებდეს სანქციების გვერდის ასავლელად, პირველი არ არის. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა.

მაშინ დაზვერვა საუბრობდა იმაზე, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“, - ამტკიცებდა უკრაინის დაზვერვა აპრილის თვეში. საქართველოს მთავრობამ და ოფიციალურმა უწყებებმა მაშინ ეს ინფორმაცია უარყვეს და "ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებად" შეაფასეს.

XS
SM
MD
LG