Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადის დეპუტატის თქმით, საქართველოზე მტკიცებულებები, ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი


უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური ჯგუფიდან და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ „TV პირველის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობას საქართველოს შესახებ.

„სრულად ვენდობი ინფორმაციას, რომელიც უკრაინის დაზვერვისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იქნა მოწოდებული. არ არის საფუძველი, რომ არ ვენდო, მაგრამ მტკიცებულებები, რომლებსაც თქვენ ითხოვთ, ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თუ ასეთი საქმიანობა გაგრძელდება, ჩვენ დავინახავთ შესაბამის მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა", - განაცხადა რადის დეპუტატმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს უკრაინული მხარე და ამატებს: „საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უარყოფს უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს.

„ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც სამინისტრო განმარტავს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG