Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის ვიცე-პრემიერი: მიზანია, უკრაინას ზაფხულში მივანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი


არტის პაბრიკსი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი
არტის პაბრიკსი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი

ლატვიის ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი აცხადებს, რომ ევროკავშირის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეუშლის ხელს, რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებს გაატარებს.

„ჩვენი საბოლოო მიზანია უკვე ზაფხულში მივანიჭოთ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება, არის პროპუტინისტი და მუშაობს ევროკავშირის გლობალური ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - წერს არტის პაბრიკსი

ლატვიელი მაღალჩინოსნის განცხადება ტვიტერზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კიევში უკმაყოფილება გამოხატეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ შალენბერგის პოზიციის გამო.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას - ამის შესახებ ინფორმაცია 24 აპრილს გაავრცელა „ევროპეისკაია პრავდამ“. გამოცემა ეყრდნობოდა განცხადებას, რომელიც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა, ლეხ ამ არლბერგში, ევროპული მედიის მე-14 სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.

ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციით, უკრაინისთვის უნდა გამოინახოს „მოქნილი“ გზები და მათ შორის, შესაძლოა, ეს იყოს ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაცია. შალენბერგი ასევე შესაძლებლად თვლის უკრაინისთვის სტატუს კვოს შენარჩუნებას და ურთიერთობის კვლავ ასოცირების შეთანხმების ჩარჩოებში გაგრძელებას.

როგორც ავსტრიული „Heute“ იტყობინება, მინისტრმა გამოსვლისას მოიხსენია დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც უფრო ხანგრძლივი გზა გაიარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.

უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ შალენბერგი აცხადებს, რომ ავსტრია ნეიტრალურ პოზიციაზე დგას სამხედრო თვალსაზრისით და არა პოლიტიკური თვალსაზრისით. „Heute“ იტყობინება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მიუღებლად თვლის რუსეთთან ურთიერთობების ძველებურად გაგრძელებას მანამდე, ვიდრე ქვეყნის სათავეშია პრეზიდენტი პუტინი.

XS
SM
MD
LG