Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სურს თურქეთს? ერდოანის თამაშები უკრაინასთან, რუსეთსა და ომთან


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მიესალმა რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებს, დელეგაციების პირისპირ მოლაპარაკებების წინ. სტამბოლი, 29 მარტი, 2022 წ.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მიესალმა რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებს, დელეგაციების პირისპირ მოლაპარაკებების წინ. სტამბოლი, 29 მარტი, 2022 წ.

იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებს, ათობით სახელმწიფო კვლავინდებურად გმობს რუსეთის აგრესიას და მოსკოვს სანქციებს უწესებს.

საერთაშორისო არენაზე კრემლს პირდაპირი მოკავშირეები დღეს თითქმის აღარ დარჩა, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ჯერჯერობით არც ერთის მხარეს არ იჭერენ. ასეთებია ჩინეთი, სპარსეთის ყურის მონარქიები და თურქეთი.

24 თებერვლის შემდეგ, ანკარამ სიტყვიერად დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ არანაირ სანქციებს არ შეუერთდა. ნაცვლად ამისა, თურქეთი, რომელიც იმთავითვე ცდილობს გახდეს ძირითადი შუამავალი მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში, პარალელურად აკრიტიკებს, მართალია წარუმატებლად, ნატოს, იმ ორგანიზაციის მოქმედებას, რომლის წევრიც თავადაა.

ამ კვირაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ კვლავ განაცხადეს რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დიპლომატიურ გზებით გადაჭრის შესახებ.

„იმისთვის, რომ რუსეთი დაასუსტოს, ზოგიერთ ნატოს ქვეყანას არ სურს მშვიდობა, ხოლო უკრაინა მათ სინამდვილეში არ ადარდებთ. მოვიყვან ჩვენი საგზაო რუკიდან უკრაინასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს: რუსეთის ჯარების ეტაპობრივი გასვლა სანქციების შემცირების პარალელურად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ, თურქეთმა უკრაინიდან 17 ათასი საკუთარი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

ტურიზმი, ენერგეტიკა და სამხედრო კონტრაქტები

თურქეთი ცდილობს ფული გამოიმუშაოს რუს ტურისტებზე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვაზე
ივან პრეობრაჟენსკი

„ანკარა თავისთვის ყველაზე ხელსაყრელ პოზიციას იკავებს, ცდილობს სხვის კონფლიქტში რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი. „რუსეთსა და უკრაინას შორის ადრინდელი კავშირები მნიშვნელოვნად ზღუდავდა თურქეთის უნარს, მონაწილეობა მიეღო ევრაზიის ამ ნაწილის დიდ პოლიტიკაში, რაც მას ძალიან სურდა. ისტორიულად, თურქეთი ტრადიციულად გავლენას ახდენდა უკრაინის მთელ სამხრეთზე. თურქებს ეს ძალიან კარგად ახსოვთ, და მეტიც, ერდოანის პირობებში, ისინი ამას სულ უფრო ხშირად იხსენებენ, რადგან შიდა პოლიტიკაში ის იდეოლოგიურად უფრო და უფრო მეტად ცდილობს დაეყრდნოს პანთურქიზმისა და ისლამიზმის საკმაოდ საინტერესო ნარევს.

ამიტომაც თურქეთი ცდილობს ფული გამოიმუშაოს რუს ტურისტებზე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვაზე - ყველას გვახსოვს, როგორ კრძალავდა პუტინი ტრადიციულად თურქული პომიდვრის იმპორტს ერდოანთან ურთიერთობის გართულების დროს. ამავე დროს, თურქეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოლიტიკური გავლენა მოლაპარაკებებში შუამავლის, დიდი მშვიდობისმყოფელის როლში. ამიტომაც არ ყიდის ის რუსულ იარაღს უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ამას ნატო აიძულებს“, - ამბობს პოლიტოლოგი.

მაგრამ თურქეთისთვის ასევე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება უკრაინა. გასულ წელს თურქეთი, რომლის საინვესტიციო მოცულობა 4 მილიარდ 500 მილიონი დოლარია, ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორი იყო უკრაინაში. მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც წელიწადში ვაჭრობის მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა. ანკარა კიევს დიდი ხანია იარაღით ამარაგებს, კერძოდ, კარგად აპრობირებული „ბაირაქთარის“ სახელით ცნობილი თურქული საბრძოლო დრონებით (Bayraktar TV2). გარდა ამისა, კიევსა და ანკარას შორის დაიდო ხელშეკრულებები ხომალდებისა და თვითმფრინავების ძრავებისა და სხვა ნაწილების მიწოდების შესახებ.

თურქეთი ზოგადად იქცევა როგორც ნამდვილი რეგიონული ლიდერი და როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან ურთიერთობაში ცდილობს დაიცვას "დაყავი და იბატონეს" უძველესი პრინციპი...
ივან პრეობრაჟენსკი

მაგრამ მიუხედავად ნატოს ზეწოლისა, თურქეთი უარს ამბობს, რომ უკრაინას გადასცეს თავის შეიარაღებაში არსებული თანამედროვე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა,

„ანკარას ასევე აქვს რუსული ს-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელთა შეძენამ რამდენიმე წლის წინ გამოიწვია დიდი კონფლიქტი ნატოს პარტნიორებთან, ძირითადად შეერთებულ შტატებთან. ამის გამო, თურქეთმა დაკარგა შესაძლებლობა, შეეძინა და შემდეგ ნაწილობრივ ეწარმოებინა თანამედროვე ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე, ვაშინგტონთან ურთიერთობა ძირითადად ამ მიზეზით გაუარესდა. და აი, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ნატომ საკმაოდ დაჟინებით დაუწყო ერდოანს შეთავაზება, რომ რუსული ს-400 მიეწოდებინა კიევისთვის, სამაგიეროდ მიეღო ამერიკული „პეტრიოტის“ კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემები -როგორც სლოვაკეთმა გააკეთა, როცა, მაგალითად, უკრაინას უფრო მოძველებული ს-300 კომპლექსები გადასცა რუსეთის წინააღმდეგ ომში. თუმცა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ეს არ გააკეთა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, როგორც ვფიქრობ, ის სრულად არ ენდობა ნატოს პარტნიორებს, ძირითადად შეერთებულ შტატებს და არ არის დარწმუნებული, რომ საბოლოოდ მიიღებს სრულ და უკეთეს კომპენსაციას, და მეორეც, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების არსებობა ხაზს უსვამს თურქეთის გარკვეულ დამოუკიდებლობას ნატოს სხვა ქვეყნებისგან“, - ამბობს პრეობრაჟენსკი და დასძენს, რომ ტრადიციულად, რაც უფრო მეტი კონფლიქტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მით უფრო მაღალია იქ თურქეთის გავლენა.

„თურქეთი ზოგადად იქცევა როგორც ნამდვილი რეგიონული ლიდერი და როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან ურთიერთობაში ცდილობს დაიცვას "დაყავი და იბატონეს" უძველესი პრინციპი. რაც უფრო მეტი კონფლიქტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მით უფრო მაღალია იქ თურქეთის გავლენა, ყოველ ასეთ კონკრეტულ მომენტში. ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას, არამედ მთელ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიასა და მთელ ცენტრალურ აზიას. რეჯეპ ერდოანი ყველგან ცდილობს ისარგებლოს რუსეთის სისუსტეებით და გაზარდოს თავისი გავლენა - უფრო სწორად, თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების გაგებით, დაიბრუნოს ის გავლენა, რომელიც მან მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაკარგა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.

თურქეთსა და უკრაინას შორის შარშან დაიდო შეთანხმება სამხედრო სფეროში, რაც ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო თვითმფრინავის (დრონის) - „ბაირაქთარის“ (Bayraktar TB2) ერთობლივად უკრაინაში წარმოებას შეეხება. ამ ტიპის საფრენმა აპარატებმა, ანალიტიკოსების შეფასებით, გადამწყვეტი როლი ითამაშა ყარაბაღის ბოლო სამხედრო კონფლიქტის დროს თურქეთისგან მხარდაჭერილი აზერბაიჯანის მიერ მოპოვებულ უპირატესობაში.

2020 წლის ბოლოს უკრაინამ თურქეთისგან რამდენიმე ერთეული Bayraktar TB2 შეიძინა და, როგორც საერთაშორისო ანალიტიკოსები შენიშნავენ, პუტინი ძალიან გააბრაზა კიევის მიერ თურქული დრონის გამოყენებამ გასული წლის შემოდგომაზე.

თურქეთის პრეზიდენტის ავტორიტარული პოლიტიკის თავისებურება

ექსპერტების თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელიც ღრმა ფსიქოლოგიურ მსგავსებას ამჟღავნებს ვლადიმირ პუტინთან, საკუთარი პირადი ინტერესებიც შეიძლება ამოძრავებდეს.

ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 2018 წ.
ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. 2018 წ.

„რეჯეპ ერდოანი, ისევე როგორც ვლადიმირ პუტინი, ძალიან ავტორიტარული ლიდერია, ფაქტობრივად, თითქმის დიქტატორი. ბოლო წლების განმავლობაში, რეჯეპ ერდოანმა თავის ხელში უპრეცედენტო ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა, AKP-ს შიგნით ყველა შიდაპარტიული წინააღმდეგობა აღმოფხვრა და მნიშვნელოვნად შეასუსტა სხვა პოლიტიკური პარტიები. გარდა ამისა, 2016 წლის ე.წ. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის შესახებაც ბევრ ექსპერტს აქვს შეკითხვები, სინამდვილეში ვინ რა გადაატრიალა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა შეძლო გაეცამტვერებინა თურქეთის არმიის გავლენა, რაც ადრე გადამწყვეტი იყო, მათ შორის პოლიტიკაში. ახლა თურქეთი ყველაფერთან ერთად საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკად გადაიქცა, ისევ ერდოანის წინადადებით, რომელსაც სურს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება და გააგრძელოს მისი განვრცობა“.

ამ თვალსაზრისით, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი საშუალებას აძლევს ერდოანს, ერთი მხრივ, იმოქმედოს, როგორც ძლიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც შეუძლია შუამავლის სამსახური გაუწიოს მეომარ მხარეებს, როგორც ეს თავის დროზე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გააკეთა მინსკის მოლაპარაკების დროს.

და, მეორე მხრივ, როგორც თავის დროზე ბელარუსის პრეზიდენტს, მოლაპარაკებები ასევე „დაეხმარება ერდოანსაც ნაწილობრივ გამოვიდეს იმ დიპლომატიური იზოლაციიდან, რომელშიც თურქეთის ლიდერი ახლა საკუთარი მიზეზით აღმოჩნდა, პირველ რიგში ევროკავშირსა და ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობის გამო. დიახ, თურქეთის პრეზიდენტს ალბათ სურს ამ ომის დასრულება, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და დიპლომატიური ბონუსები“, - ამბობს პრეობრაჟენსკი.

გარდა ამისა, თურქეთს საკუთარი ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაც აფიქრებს.

ბევრი ისლამური სახელმწიფო უკვე გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლოა მასობრივი არეულობა და სოციალური აფეთქება გამოიწვიოს, როგორც თავის დროზე სურსათზე ფასების მატებას მოჰყვა ამბოხებათა ციკლი, რაც რეგიონში ჯამში „არაბული გაზაფხულით“ დასრულდა.

ბოლო ხანს თურქეთი სურსათის მხრივ ძალიან იყო დამოკიდებულ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ექსპორტზე. 2021 წელს თურქეთმა იმპორტირებული მთელი ხორბლის 65% რუსეთიდან, 13%-ზე მეტი - უკრაინიდან მიიღო. ხორბალზე ფასების მკვეთრმა მატებამ კი ანკარა აიძულა, ეთქვა, რომ იგი დაახლოებით 30%-ით შეამცირებს ამ პროდუქტის საზღვარგარეთ შეძენას.

თურქეთის ეკონომიკისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსული ენერგომატარებლები. ბოლო მომენტამდე, რუსეთის ფედერაცია თურქეთს აწვდიდა იმპორტირებული გაზის 50%-ზე მეტს, 17% ნავთობს და დაახლოებით 40% ბენზინს.

მოსკოვმა და ანკარამ ბოლო წლებში არაერთი სავაჭრო-ეკონომიკური გარიგება გააფორმეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კომპანია „როსატომის“ დახმარებით მშენებარე თურქეთის „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგური, რომელმაც ქვეყანა მოხმარებული ენერგიის 10 %-ით უნდა უზრუნველყოს. რეჯეპ ტაიპ ერდოანს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად არის ნებისმიერ ფასად დაასრულოს ეს პროექტი, რომელიც 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ოპოზიცია ქვეყნის შიგნით თავს მაღლა სწევს და დიდი გამარჯვებულის არა, მაშინ ამ შემთხვევაში დიდი მშვიდობისმყოფელის დაფნის გვირგვინი შეიძლება ეროანისთვის სასარგებლო იყოს.
ივან პრეობრაჟენსკი

თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები არანაკლებ დამოკიდებულია ტურიზმზე, რომელშიც რუსეთის მცხოვრებლებმა ჯერჯერობით ყველა უცხოელზე უფრო დიდი წვლილი შეიტანეს. გასულ წელს თურქეთს დაახლოებით 4,5 მილიონი რუსი ეწვია. რამდენიმე დღის წინ თურქეთის ხელისუფლებამ, მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, სპეციალური ახალი ავიაკომპანიაც კი შექმნა - Southwind-ი, რომელიც ქვეყნის კურორტებზე მხოლოდ რუსებს გადაიყვანს. ახალი ავიაგადამზიდი ანტალიაში დაფუძნდება, პირველი რეისები კი მაისის ბოლოს იგეგმება.

თუ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე თურქეთის ეკონომიკა ძალიან ძლიერ დასუსტდა, ამჯერად რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მას უმძიმესი კრიზისი აზანზარებს. რეჯეპ ტაიპ ერდოანი თავისი მმართველობის განმავლობაში ყველაზე უარეს პერიოდს განიცდის: ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ძლიერ იგრძნობა სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობა. წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია თურქეთში ოცწლიან მაქსიმუმ მიუახლოვდა, ხოლო უმუშევრობის დონე - 15-20%-ს, 30-50 %-ით გაიზარდა ფასები საბაზისო საგნებსა და მომსახურებაზე, თურქული ლირის ფასი კი ორჯერ დაეცა.

ამ ფონზე, თურქეთში 2023 წელს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები და, როგორც ყველა გამოკითხვით ჩანს, თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“, რომლის ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოანია, განუწყვეტლივ კარგავს პოპულარობას.

„და თუ ერდოანს არ აქვს შესაძლებლობა, სწრაფად გადალახოს ეს კრიზისი, მაშინ მას შეუძლია სხვა გზით სცადოს პირადი შიდა რეიტინგის ამაღლება. ერდოანი და მისი პარტია ელოდებიან შემდეგ არჩევნებს, ოპოზიცია ქვეყნის შიგნით თავს მაღლა სწევს და დიდი გამარჯვებულის არა, მაშინ ამ შემთხვევაში დიდი მშვიდობისმყოფელის დაფნის გვირგვინი შეიძლება ეროანისთვის სასარგებლო იყოს“, - დასძენს პროფესორი პრეობრაჟენსკი.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთ-თურქეთის შეიარაღებული კონფლიქტთან დაკავშირებით თანამიმდევრულია. თავდაპირველად რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა და მიუღებელი უწოდა უკრაინის სეპარატისტული სუბიექტების, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ამ გადაწყვეტილებას მიუღებლად მივიჩნევთ. მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ საღ აზრს და საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა ერდოანმა, რუსეთის ინტერვენციამდე ორი დღით ადრე.

თურქეთი ასევე მტკიცედ მხარს უჭერს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და რუსეთის თავდასხმას მიიჩნევს „დიდ დარტყმად“ რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 24 თებერვალს და გაიმეორა მოწოდება კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების შესახებ.

„ქმედება, რომელსაც საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, დიდი დარტყმაა რეგიონული მშვიდობის, ჰარმონიისა და სტაბილურობისთვის“, - თქვა ერდოანმა და დასძინა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 24 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა. მან თქვა ასევე, რომ თურქეთი, რომელსაც საზღვაო საზღვრები აქვს რუსეთსა და უკრაინასთან შავ ზღვაში, ორივე ქვეყანას მეგობრად მიიჩნევს და „გულწრფელად დამწუხრებულია“ მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის გამო.

თურქეთს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტ ქვეყნად მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც რუსეთს აღდგომის დღესასწაულისთვის დროებითი ზავის გამოცხადება შესთავაზა, მაგრამ, ზელენსკის სიტყვებით, რუსეთმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს. კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბუჩასა და ირპენში ნაპოვნია ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG