ანკარა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღის შეთანხმების მოლოდინშია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უზბეკეთში ვიზიტისას განუცხადა თანმხლებ ჟურნალისტებს.
„შემართებით ვარ განწყობილი ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის უსწრაფესი ორგანიზებაა, ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადებ ორივე ლიდერს“, - აღნიშნა ერდოანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება პუტინ-ზელენსკის შეხვედრის თარიღის შეთანხმება.
„ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ საჭირო პლატფორმა. პუტინისა და ზელენსკის თურქეთისადმი არსებული ნდობა საფუძველს გვაძლევს ვიმედოვნოთ შუამავლობის დადებითი გამოსავალი“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემაზე საუბრისას, ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა გახდეს უკრაინისთვის ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა. ანკარა მსგავს ინიციატივას დადებითად აღიქვამს, თუმცა დეტალური ანალიზია საჭირო, განმარტა მან.
თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა სისხლისღვრისა და ომის სწრაფად დასრულებას მოელის. ამასთან, მნიშვნელოვანია ცეცხლის დროებითი შეწყვეტის უზრუნველყოფა.
ერდოანმა სკეპტიციზმი გამოხატა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.
„იმიტომ რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, ზოგის გამოკლებით, უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ პროცესს [კიევის განცხადებას]. ამასთან, არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უკრაინის ევროკავშირში წევრობის საკითხი დადებითად აღიქვა. [პუტინთან] საუბრისას ვეცდები, ეს პირადად მისგან მოვისმინო, რაც უფრო მკაფიო ანალიზის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ერდოანმა.
თურქეთის ლიდერმა თავისი ქვეყნის მაგალითზე გაამახვილა ყურადღება. ბრიუსელი თურქეთის ევროკავშირის წევრობის განაცხადზე 1963 წლიდან მსჯელობს. „ევროკავშირი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ აჭიანურებს ანკარასთან ამ საკითხზე დიალოგს“, - განაცხადა ერდოანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს 31 მარტის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის იდეას.
თურქეთი აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. 29 მარტს მოლაპარაკებაში მონაწილე ორი ქვეყნის დელეგაცია ერთმანეთს პირისპირ სტამბოლში შეხვდა. მანამდე ანტალია მასპინძლობდა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. დელეგაციების დონეზე რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.
29 მარტს სტამბოლში „დოლმაბაჰჩე“- ს სასახლეში გამართულ მოლაპარაკებაზე უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.
უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს, შესაძლოა, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებული არიან, უკრაინას დახმარება გაუწიონ.