თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის შესახებ მორიგი შეხვედრის იდეას.
„დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა გვაცნობეს, რომ შეხვედრისთვის მზად არიან. უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა, შეხვედრა შედგეს, სულ მცირე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეარხ A Haber-ის ეთერში.
ჩავუშოღლუს თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „უფრო მნიშვნელოვანი საკითხები“ უფრო მაღალ დონეზე განიხილებოდა.
„გაგრძელდება დელეგაციების ტექნიკური მოლაპარაკებები. ამასთან, შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრები და თუ შეთანხმება მიიღწა, დაამტკიცებენ. შემდეგი ეტაპი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა იქნება“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, თურქული მხარე მონდომებულია უკრაინის საკითხზე ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრა მოხერხდეს.
„ჩვენ საჭირო ძალისხმევას ვწევთ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის უზრუნველსაყოფად. გუშინ ჩვენ კულებას და ლავროვს ჩვენი წინადადებები გადავეცით ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფრის გასაკეთებლად მზად ვართ. ლავროვი ჩინეთში იმყოფება და განაცხადა, რომ ინდოეთში წასვლას აპირებს. კულება დასავლეთშია. მან აღნიშნა, რომ ისურვებდა ამგვარ შეხვედრაში მონაწილეობას, როცა ამისთვის მხარეები იქნებიან მზად“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები კვლავ სტამბოლს აირჩევენ მშვიდობიანი დიალოგის პლატფორმად. „თურქეთის მეგაპოლისი ყველაზე მოსახერხებელი ადგილია, მათ შორის ლოგისტიკის კონტექსტში“, - განმარტა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მცდარია ბრალდებები იმის თაობაზე, რომ, თუ თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდება, ანკარა ომში ჩაებმება და ჯარებს გაგზავნის უკრაინის მხარდასაჭერად.
ჩავუშოღლუს სიტყვების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს ლავროვ-კულებას შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მოლაპარაკება შინაარსიანი უნდა იყოს.
რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ერთხელ უკვე შედგა.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. დელეგაციების დონეზე რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.
რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი 1 აპრილს განახლდება და ონლაინფორმატში წარიმართება.