საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა დღეს, 22 აპრილს, დილით შეხვედრა გამართეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა-გირჩი ჯაფარიძე, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია,“საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავა და „ლელოდან“ სალომე სამადაშვილი.
სენატორ კრის კუნსის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიის განვითარებას და ამისთვის საქართველოს მუდმივად ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას. დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით - იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და [ქვეყნის] განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ, რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას“, - განაცხადა კრის კუნსმა.
კონგრესმენ დევიდ სისილინის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი.
„გავიზიარებ სენატორი კუნსის დაკვირვებას. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მუშაობაში“,- განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინმა.
აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას ქვეყნის საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენები სტეფანი მერფი, ქეით ლირაისი, დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.
სენატორები და კონგრესმენები საქართველოში შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ისინი შეხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. მათ გუშინ, 21 აპრილს, მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის შესახებ. დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, რომ აფასებენ პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომლებსაც საერთო ფასეულობები და მისწრაფებები აქვთ.
მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაციას საქართველოს გარდა, ტურნე აქვს საფრანგეთსა და იტალიაში.