ბათუმელი მამია ხარაზის ბიბლიოთეკა, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე ასეული ათასი ლარი ეღირება, სადავო გახდა. სანამ საქმე სასამართლოს ერთი ინსტანციიდან მეორეში გადადის, ბიბლიოთეკის იშვიათი წიგნების ბედი გაურკვეველი რჩება.
ხარაზების ბიბლიოთეკას რამდენიმე თაობა ქმნიდა. ნათელა ხარაზი ჰყვება, რომ მათ სახლში 40 ათასზე მეტი წიგნი ინახებოდა, მათ შორის ბევრი უნიკალური. მაგალითად, პუშკინის წიგნები მის სიცოცხლეშივე გამოცემული, მარი ბროსეს სიცოცხლეში გამოცემული საქართველოს ისტორია და ე.წ. ვერცხლის საუკუნის შემოქმედთა ნამუშევრები, მათივე ავტოგრაფებით. ნათელა ხარაზი ირწმუნება, რომ ბიბლიოთეკაში არის ისეთი უნიკალური გამოცემებიც, როგორიცაა „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემა, ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „კურთხევანი“ (1713წ.) და ვახუშტი ბაგრატიონის „გეოგრაფია“.
ნათელა ხარაზის მამა და ბიბლიოთეკის მფლობელი მამია ხარაზი 1996 წელს გარდაიცვალა. 2018 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ორიტა ხარაზიც. მათი ხუთი შვილი ახლა მამის წიგნებისთვის დავობენ.
„ჩვენ ასეთი მოლაპარაკება გვქონდა, რომ ეს ბიბლიოთეკა იქნებოდა საერთო და არავის ექნებოდა ერთპიროვნულად წიგნების გატანა-გამოტანის უფლება. იქ სალონური შეხვედრები უნდა გაგრძელებულიყო, როგორც ადრე იყო, ისე. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე მემკვიდრე ასეთ რამეს გაბედავდა“, - ამბობს ნათელა ხარაზი.
რომელიმე მემკვიდრეში ნათელა თავის ძმას გიორგი ხარაზს გულისხმობს, „ასეთ რამეში“ კი იმას, რომ ძმამ, მისი სიტყვებით, ოჯახის წიგნების მითვისება დაიწყო.
მეხუთე წელია რაც და-ძმები კოლექციას ვერ იყოფენ. წიგნების გამო ისინი ერთმანეთსსაც დაიპირისპირდნენ.
„მე და ჩემი და ქეთევანი ერთად ვიბრძვით, შეტანილი გვაქვს სასამართლოში სარჩელები, დანარჩენი სამი ცალკეა“, - ამბობს ნათელა ხარაზი. ამ „სამში“ ის გიორგი, სერგო და ირინე ხარაზებს გულისხმობს. ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა და რამდენიმე საქმეც აღიძრა, გინდა სამოქალაქო, გინდა - სისხლის სამართლის. გამოძიება დაიწყო პროკურატურამაც. დავა ბინასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ბინაში ინახება წიგნებიც, ანუ არსებობს იმის ალბათობა, რომ მოძრავი ქონება იმას დარჩება, ვისაც უძრავს მიაკუთვნებენ. წიგნების ამ კერძო კოლექციას ბიბლიოთეკის სტატუსი არასდროს ჰქონია.
როგორც ნათელა ხარაზის ადვოკატი, დავით ჩავლეიშვილი ჰყვება, მამია და ორიტა ხარაზებს ქონება მემკვიდრეობით არცერთი შვილისთვის არ დაუტოვებიათ. დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ წიგნების დაპატრონების მიზნით გიორგი ხარაზმა, თაღლითური სქემა მოიფიქრა. მისი თქმით, მან გააყალბა საბუთები, რომელთა მიხედვით, კორპუსის ამხანაგობამ თითქოსდა ჩაატარა კრება, რომელიც „ამოწმებდა“, რომ ორიტა ხარაზმა თავის სიცოცხლეში ეზოში მდგარი ავტოფარეხი მეზობელ ზვიად ჩაგანავას „მიჰყიდა“.
„რისთვის სჭირდებოდათ ეს? შემდეგ ეს ავტოფარეხი ჩაგანავამ მიჰყიდა გიორგი ხარაზს. ასე გიორგი ხარაზი ავტომატურად გახდა ამხანაგობის წევრი. ამის შემდეგ მას გაუფორმეს სხვენი (დაშენება), სადაც ბიბლიოთეკა ინახება. შემდეგ ადგა და ეს სხვენი ბანკში ჩადო“, - ჰყვება ადვოკატი.
მას შემდეგ, რაც ნათელა ხარაზმა სასამართლოს მიმართა, აღმასრულებლებმა ბიბლიოთეკა ჯერ აღწერეს, მერე დააყადაღეს. თუმცა, ნათელა ხარაზი ამბობს, რომ მისმა ძმამ მოასწრო და ბიბლიოთეკიდან წიგნების ნაწილი გაიტანა.
„დაკარგულია ძალიან ბევრი წიგნი. ჩემმა ძმამ, არ ვიცი, შიშისგან თუ რისგან, თვითონ უთხრა აღმასრულებლებს, 5 ათასი წიგნი გატანილი მაქვს და სანამ თქვენ დაასრულებთ აღრიცხვას, უკან მოვიტანო. ის 5 ათასი წიგნი მას არ დაუბრუნებია“.
ნათელა ხარაზმა მოგვაწოდა რამდენიმე წიგნის ფოტო, მამის ბიბლიოთეკიდან.
გიორგი ხარაზის ადვოკატი, შოთა ხორავა ამბობს, რომ წიგნები არ დაკარგულა. მისი თქმით, გიორგი ხარაზი ბიბლიოთეკას იმ სახით და იმ რაოდენობით ინახავს, როგორიც ჩაიბარა.
„ბიბლიოთეკა, რამდენადაც მე ვიცი, აღწერილია რაოდენობრივად და არა შინაარსობრივად. ამიტომ მის ფასეულობაზე რამე დოკუმენტი არ არსებობს. უშუალოდ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით სამართლებლივი დავა არ მიმდინარეობს, დავა მიდის ქონებაზე(ბინაზე) და სასამრთლომ უნდა გადაწყიტოს, მას ვის მიაკუთვნებს. მაგრამ ამ ეტაპზე, ეს წიგნები არის მოძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნის ნაბოლარა შვილს გიორგი ხარაზს, რადგანაც ყველა მოწმე აცხადებს, რომ მშობლებმა მას დაუტოვეს. ეს სასამართლოში დადასტურდება“, - ამბობს შოთა ხორავა.
ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ამ დავით სახელმწიფო დაინტერესდეს.
„ეს ბიბლიოთეკა მათი ოჯახისაა და მათი გადასაწყვეტია, ვის დარჩება. არც ისეთი არქივია, რომ სახელმწიფომ ფული გამოყოს და შეიძინოს. ეს არის საბჭოთა და ძველი იმპერიული რუსეთის დროინდელი წიგნები. ეს ყველაფერი ეროვნულ ბიბლიოთეკასაც აქვს და ბათუმის ბიბლიოთეკასაც. ვახტანგის დროინდელ წიგნებზე მე არაფერი ვიცი. თუ მართლა არის ასეთი, თუ რამე მართლა განსაკუთრებულია, უნდა ინახოს და ერთეულ ცალებად უნდა ვიყიდოთ, მთლიანი ბიბლიოთეკის ყიდვას აზრი არა აქვს“, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი.
ამჯერად ბიბლიოთეკას, რომელიც ბათუმში, აღმაშენებლის N 112-ში მდებარეობს, ლუქი ადევს. იქ მოთავსებული ათასობით წიგნის ბედი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.