Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი დაკავებების სტატისტიკას აქვეყნებს


სოფელი ერგნეთი.
სოფელი ერგნეთი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკას აქვეყნებს. პრესსამსახურის ცნობით, დე ფაქტო „კაგებემ" და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა („ეფესბეს" სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებმა) გასულ თვეში 20 ე.წ. სამართალდამრღვევი დააკავეს.

„რვა პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ოთხი დამრღვევი გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან, კიდევ რვა მოქალაქეზე გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითი განხილვის შედეგების საფუძველზე“, - განმარტეს „კაგებეს" პრესსამსახურში. ამ სტატისტიკაში „კაგებე" არ აზუსტებს, რამდენია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, 4 მოქალაქე ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევეს, საკუთარ მცხოვრებლებს ვერსად გააძევებდნენ, შესაბამისად, გაძევებულებში საქართველოს მოქალაქეები იგულისხმებიან. უფრო მეტ პირს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის სურვილი ჰქონდა, რა დროსაც ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და დააჯარიმეს - ასეთია 8 პირი, ხოლო კიდევ 8 პირის მიმართ გამოძიებაა დაწყებული.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება, ერთი მოქალაქე, ვლადიმერ კანიაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 19 აპრილს გაათავისუფლეს. 2021 წლის 9 დეკემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის, კახა ნათაძესთან ერთად, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ბრალდებად ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. შვიდი მოქალაქიდან ორი - მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი - ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

XS
SM
MD
LG