Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსი მოქალაქეობას ჩამოართმევს 4 რუს მილიარდერს


ფოტო არქივიდან: სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, „საფმარ“-ის მთავარი აქციონერი მიხაილ გუცერიევი.
ფოტო არქივიდან: სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, „საფმარ“-ის მთავარი აქციონერი მიხაილ გუცერიევი.

კვიპროსის მთავრობამ დაიწყო 4 რუსი მილიარდერისთვის კვიპროსის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა. ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს ადგილობრივი გამოცემა „ფილელეფტეროს“-ი.

მოქალაქეობას ჩამოართმევენ სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, „საფმარ“-ის მთავარ აქციონერ მიხაილ გუცერიევს, კომპანია „რუსაგრო“-ს მფლობელ ვადიმ მოშკოვიჩს, „შერემეტიევო-ჰოლდინგ“-ის ერთ-ერთ მფლობელ ალექსანდრ პონომარენკოს და საინვესტიციო კონსორციუმის, „ალფა-გრუპ“-ის თანადამფუძნებელ ალექსეი კუზმიჩოვს. ყველა მათგანზე ვრცელდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ ამოქმედებული სანქციები.

კვიპროსის მოქალაქეობას ჩამოართმევენ 4 მილიარდერის ოჯახების წევრებსაც, სულ 17 პირს.

სააგენტო „როიტერს“-ის ინფორმაციით, ე.წ. ოქროს პასპორტის პროგრამით, ანუ ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ, კვიპროსის მოქალაქეობა მიღებული აქვს 6779 უცხოელს. მათ შორის 2886 რუსეთის მოქალაქეა. ე.წ. ოქროს პასპორტის პროგრამა უკვე დახურულია, რადგან ამ გზით მოქალაქეობას იღებდნენ კორუფციასა და სხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირებიც.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა უპრეცედენტო ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები აამოქმედა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენების და მათი ოჯახების წევრების და რუსეთის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG