რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვა“-ზე ხანძარი გაჩნდა. სამინისტროს მოკლე შეტყობინებაში, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა წუხელ გაავრცელეს, ნათქვამია, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
13 აპრილს, ღამით, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი სერიოზულად დააზიანეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, "მოსკვა" ის კრეისერია, საიდანაც 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეს, დანებება მოსთხოვეს კუნძულ ზმეინის დამცველ მესაზღვრეებს. „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ - ამ სიტყვებით უპასუხა რუსების მოთხოვნას უკრაინელმა მესაზღვრემ, რომან გრიბოვმა. მოგვიანებით, რუსმა სამხედროებმა კუნძულზე შეტევა განახორციელეს და ზმეინის დამცველი უკრაინელი მესაზღვრეები დაატყვევეს. ისინი ერთი თვის შემდეგ გაცვალეს რუს სამხედრო ტყვეებში.
„მოსკვა“-ს ეკიპაჟში, სხვადასხვა მონაცემით, 510-დან 758-მდე სამხედრო ირიცხებოდა. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ეკიპაჟის სრული ევაკუაცია შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ზღვაში გემის დატოვება აღარ შეიძლება და უნდა ჩაძირონ.
სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, რომელსაც თავდაპირველად „სლავა“ ერქვა და ექსპლუატაციაში 1983 წლიდან გაუშვეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანია. 186 მეტრის სიგრძის გემის ძირითადი შეიარაღებაა რაკეტა „ვულკანის“ 16 გამშვები დანადგარი.