Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის განცხადებით, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ მიზნები კეთილშობილურია


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კოსმოდრომ "ვოსტოჩნის" სტუმრობს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კოსმოდრომ "ვოსტოჩნის" სტუმრობს.

უკრაინაში „გამოყვანილ“ ანტირუსულ ძალებთან შეჯახება გარდაუვალი იყო, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო, - უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შიდა კოსმოსური ინდუსტრიის თანამშრომლებს დღეს, 12 აპრილს, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" სტუმრობისას.

„უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გადაქცევა დაიწყეს, დაიწყეს იქ არსებული ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გამოზრდა“, - განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ „ისინი მხოლოდ თავდასხმის დროს არჩევდნენ“.

პუტინმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევით, რუსეთის ფედერაცია დონბასის მოსახლეობას ეხმარება და, მეორე მხრივ, „ზომებს იღებს თავად რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. "ცხადია, სხვა გზა არ გვქონდა, ეს სწორია, ის რომ [სპეცოპერაციის] მიზნები შესრულდება, ეჭვგარეშეა, მიზნები აბსოლუტურად გასაგებია, ისინი კეთილშობილურია", - აღნიშნა პუტინმა.

თავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის დახმარება. დონბასელი ხალხი, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ, აიძულეს ეს გაეკეთებინათ, ვინაიდან დასავლეთის გავლენით, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიმართული იყო დონბასის პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, – განაცხადა პუტინმა.

მან შეკრებილებს კოსმონავტიკის დღე მიულოცა. ვლადიმირ პუტინი კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ლუკაშენკასთან ერთად იმყოფება.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ტელეკომპანია „როსია 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაცია“ მოწოდებულია წერტილი დაუსვას აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების "უკანმოუხედავ დომინირებას".

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის, მისი სიტყვებით კი, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ აქვს გამოცხადებული და ის, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. 1 აპრილს მხარეებს შორის შეხვედრა ისევ ონლაინფორმატში შედგა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

რაც შეეხება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი პირადი შეხვედრა „შეიძლება არც შედგეს“, თუმცა, ბუჩის ტრაგედიის შემდეგაც აუცილებელია მოსკოვთან დიალოგის გაგრძელება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ინტერვიუში, რომელიც 5 აპრილს გავიდა ეთერში სრულიად უკრაინის ტელემარათონის ფარგლებში. მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს.

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრისკენ 2022 წლის თებერვალში, ომამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწოდა, როცა ზელენსკი რუსეთის თავდასხმის პრევენციის იმედით, დასავლელ ლიდერებთან შესახვედრად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. პუტინთან შეხვედრის თანხმობა მან მისცა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანსაც, უფრო ადრე, თებერვლის დასაწყისში, კიევში მისი სტუმრობის დროს.

XS
SM
MD
LG