Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილვესი: „საქართველოს [მთავრობის] პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია“


„ესტონეთმა, თავისი 1,3-მილიონიანი მოსახლეობით, 220 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას. შეხედეთ, რას აკეთებს ესტონეთი და შემდეგ შეადარეთ იმას, რასაც გერმანია აკეთებს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი. ტომას ჰენდრიკ ილვესი 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმ 5 ევროპელ ლიდერს შორის იყო, ვინც 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთთან ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, თბილისს ეწვია მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად. 2008 წლის სხვა გადაწყვეტილებებზე, რუსეთის ომზე უკრაინაში, დასავლეთისა და საქართველოს პოზიციებზე პრეზიდენტ ილვესს ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა,.

რადიო თავისუფლება: წინა კვირას ბუქარესტის სამიტის 14 წლისთავი შესრულდა - სწორედ ამით დავიწყოთ. ბევრი ფიქრობს, რომ იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, სწორედ ბუქარესტის სამიტზე ჩაეყარა საფუძველი, როდესაც კიევსა და თბილისს უარი უთხრეს მაპ-ზე. მაშინ თქვენც იქ იყავით - რას გაიხსენებდით?

ტომას ჰენდრიკ ილვესი: დიახ, იქ ვიყავი და ძალიან გაბრაზებულიც ვიყავი იმ გადაწყვეტილებაზე, რაც სამიტზე მიიღეს. უკვე მაშინ ვფიქრობდი, რომ მერკელის უარი, მაპ-ი თუნდაც განგვეხილა, მოსკოვში აღიქმებოდა, როგორც მწვანე შუქი შემოჭრისთვის. და სწორედ ასე მოხდა.

როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? .. მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამტკიცებთ, რომ დასავლეთმა პუტინი „ვერ წაიკითხა“. დავაზუსტოთ - ვერ წაიკითხა თუ არ სურდა, წაეკითხა?

ილვესი: უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ეს იყო სიხარბე. სხვა რით აიხსნება ის, რომ 2015 წელს, ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, „ნორდ სტრიმ 2“-ს აწერ ხელს? სრულიად დასავლეთი არა, მაგრამ გერმანია და ევროკავშირის ბევრი დიდი ქვეყანა თანამონაწილენი არიან [დღევანდელი ვითარების] - მათ ხელი შეუწყვეს რუსეთს.

რადიო თავისუფლება: თქვენი სხვა ბალტიელი კოლეგების მსგავსად, რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობას სკეპტიკურად უყურებთ. ფაქტია, რომ რაც უფრო დასავლეთით გადავინაცვლებთ, მით უფრო იცვლება შეხედულება ამ საკითხისადმი. რატომ?

ილვესი: რუსები იტყუებიან. რა აზრი აქვს მატყუარებთან ლაპარაკს? რა აზრი აქვს ისეთ ქვეყანასთან დიალოგს, რომელსაც ვერაფერში ენდობი? დიალოგი კარგია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, დიალოგის ეტაპი უკან მოვიტოვეთ. ნახეთ, რას ამბობენ რუსები ბუჩაზე - ნირშეუხრელად იტყუებიან. რა აზრი აქვს ისეთ ქვეყანასთან დიალოგს, რომელიც ასე იტყუება?

რადიო თავისუფლება: დასავლეთის პასუხიც განვიხილოთ ბუჩაზე. კმაყოფილი ხართ იმ სანქციებით, რაც დასავლეთმა დააწესა?

ილვესი: სანქციების კუთხით დასავლეთმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მე მოლოდინი მქონდა, და ეს კარგია. მაინც ვფიქრობ, რომ [საკმარისი] იარაღის არმიწოდება უკრაინისთვის, უბრალოდ სკანდალია. მოდით, შევადაროთ: ბრიტანეთმა, რომელსაც ჰყავს 67,7 მილიონი მოსახლეობა, უკრაინას მიაწოდა 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება. გერმანიაზე ლაპარაკიც არ ღირს, იმდენად მიზერული რიცხვებია. და ამ დროს, ესტონეთმა, თავისი 1,3-მილიონიანი მოსახლეობით, 220 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას. შეხედეთ, რას აკეთებს ესტონეთი და შემდეგ შეადარეთ იმას, რასაც გერმანია აკეთებს. ამიტომ ვრჩები აზრზე, რომ დასავლეთი საკმარისს არ აკეთებს.

რადიო თავისუფლება: თქვენ განაცხადეთ, რომ პუტინმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინა. გადახედეთ დასავლურ სამყაროს, და მითხარით, ვინ მიიყვანს პუტინს სასამართლოში?

ილვესი: სწორედ დასავლურ სამყაროს, ერთიანს და არა ცალკეულ ქვეყნებს, ძალუძს ეს. ვფიქრობ, ახლა ორი ამოცანა დგას ჩვენ წინაშე, ვიდრე სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში გადავიჭრებით. პირველი - რუსები უკვე გაიძახიან, რომ სანქციების მოხსნამდე მშვიდობაზე მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ. დასავლეთის - ევროკავშირის, ნატოს პოზიცია ამაზე უნდა იყოს შემდეგი: სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ ა) რუსეთის გაყინული აქტივები, 300 მილიარდზე მეტი, უკრაინას არ გადაეცემა რეკონსტრუქციისთვის და ბ) რუსეთი უნდა დათანხმდეს დამატებით რეპარაციას - მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, რათა გადაიხადოს იმ საშინელი ნგრევისთვის, რაც უკრაინას მოუტანა. და მეორე პირობა - არანაირი სანქციების მოხსნა, სანამ თითოეული ომის დამნაშავე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია იმ საზარელ მკვლელობებზე, უბრალო ჯარისკაციდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული, სამხედრო ტრიბუნალს არ წარუდგება. სანამ რუსეთი ამას არ დათანხმდება, დასავლეთის სანქციები ძალაში უნდა დარჩეს.

არანაირი სანქციების მოხსნა, სანამ თითოეული ომის დამნაშავე, ყველა, ვინც პასუხისმგებელია იმ საზარელ მკვლელობებზე, უბრალო ჯარისკაციდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული, სამხედრო ტრიბუნალს არ წარუდგება.

სამწუხაროდ, საქართველოს ამ თვალსაზრისით არც არაფრის გაკეთება შეუძლია - ის [რუსეთის] თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ.

საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით - და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ.

ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს, რომელიც მხარს არ უჭერს დასავლეთის ამჟამინდელ სუსტ პოზიციასაც?

მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს! არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში.

რადიო თავისუფლება: და როგორ ფიქრობთ, რა არის საქართველოს მთავრობის მოტივაცია? ამ პოზიციის მიღმა?

ილვესი: წარმოდგენა არ მაქვს, რა არის საქართველოს მთავრობის მოტივაცია, და თანაც, ჩვენ გადაწყვეტილებებს მოტივაციებზე დაყრდნობით არ მივიღებთ - მივიღებთ იმის მიხედვით, როგორც იქცევით, და ასე თუ მოიქცევით, უნდა გაიაზროთ, რომ გამორიცხულია, იმ ქვეყნებმაც კი თითი გაანძრიონ თქვენს [დასაცავად], რომლებიც აქამდე მხარს გიჭერდნენ. ვინ ენდობა საქართველოს, რომ ნატოს მეხუთე მუხლს დაიცავს, თუ თავად მას არ დაესხმიან თავს? რა მოხდება, თუ საქართველოს მივიღებთ ნატოში, მერე რომელიმე სხვა ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, და საქართველო იტყვის - არა, უკაცრავად, მეხუთე მუხლს მხარს ვერ დავუჭერთ? როგორც იქცევით, დასკვნებსაც იმის მიხედვით გავაკეთებთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG