აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თანახმად, აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინას 60 ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა გადასცეს. როგორც სააგენტო „რეიტერი“ წერს, უკრაინამ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისგან ასევე მიიღო 25 000 გადასატანი სარაკეტო-საზენიტო დანადგარი, რამაც კიევს შესაძლებლობა მისცა, არ დაეშვა რუსეთის გაბატონება საჰაერო სივრცეში, რაც შესაძლებელს გახდიდა სახმელეთო ოპერაციის წარმატებას.
„უკრაინელები ამისთვის ძალიან მადლიერი არიან“, - განუცხადა გენერალმა მილიმ აშშ-ის სენატის შეიარაღების საქმეთა კომიტეტს. ამასთან, აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინა ომის მომდევნო ეტაპზე კვლავაც საჭიროებს ჯავშანტექნიკითა და საარტილერიო დანადგარებით დახმარებას.
ვინაიდან ამერიკული სისტემების შესწავლას თვეები სჭირდება, აშშ-ის ძალისხმევა მიმართულია მოკავშირეებსა და პარტნიორებში ისეთი საბრძოლო ტექნიკის მოძიებაზე, რომელთა გამოყენებისთვისაც უკრაინელ სამხედროებს მინიმალური მომზადება დასჭირდებათ.
წლების განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალების უმთავრეს დონორად რჩება აშშ, რომელიც უკრაინას დამატებით 100 მლნ დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, დახმარება ითვალისწინებს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მიწოდებას.
„ჯაველინების“ ეს პარტია იქნება აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გაწეული დახმარების მეექვსე პაკეტი აგვისტოს შემდეგ.
რაც შეეხება რუსეთის უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის ღირებულებას, ის 1.7 მლრდ დოლარს შეადგენს.