4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე კოპალიანმა 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.
უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის შემდეგ მათი საპატიმრო ვადები ასე გამოიყურება:
- თედო ბურდული - 3 წელი;
- გიორგი წარუაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
- გენო გერმანიშვილი - 3 წელი;
- გიორგი მაღრაძე - 1 წელი და 3 თვე;
- ზაზა ჭაავას - 1 წელი;
- გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი;
- მურად დევლარიშვილი - 1 წელი.
საქმის ეს კონკრეტული ეპიზოდი ეხებოდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის, ასევე "ფორმულის" ფოტოგრაფის, ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ძალადობას.
„იქ შემთხვევით ვიყავი, ლოცვაზე მივდიოდი, საყიდლებზე გავედი და იქ მოვხვდი, არავითარი აგრესია არ ჩამიდენია“, - აცხადებდნენ ბრალდებულები, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ.
რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ 27 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდა წაყენებული. ნაწილს კი ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.
5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა.
თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს, 4 აპრილს, საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადდეს ლექსო ლაშქარავას ცემაში ბრალდებულის განაჩენიც.
სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია, შეკრებილები არიან ძალადობაში ბრალდებულების ახლობლები და ჟურნალისტები, რომლებიც აქციას მართავენ.