Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი უკრაინაში და მისი გავლენა პოლონეთ-უნგრეთის ღერძზე


ისინი განუყრელები ჩანდნენ. ბრიუსელს ყოველ ნაბიჯზე პრობლემებს უქმნიდნენ - ამბობდნენ, რომ ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს იცავდნენ და, ბევრის აზრით, თავს ესხმოდნენ სასამართლო სისტემასა და მედიას.

თუმცა, პოლონეთსა და უნგრეთს შორის დამოკიდებულება შეიცვალა. მათი ურთიერთგაგება უნდობლობით შეიცვალა. მიზეზი კი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა გახდა. კვირას უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მისი შედეგები აჩვენებს, დაიშლება თუ არა ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ალიანსი.

უკრაინის ომის ფონზე ხუთი, ერთმანეთთან დაკავშირებული თემა გაჩნდა, რომელიც ბრიუსელ-ბუდაპეშტ-ვარშავის სამკუთხედის ურთიერთობებს განსაზღვრავს. პირველი და ყველაზე ცხადი ისაა, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერად იქცა კიევთან დაკავშირებულ საკითხებში. აქედან გამომდინარეობს მეორე თემა - რომ ვარშავა უფრო და უფრო ღიზიანდება ბუდაპეშტის ქცევით ამ კონფლიქტში. ამას მივყავართ მესამე საკითხთან - პოლონეთისა და უნგრეთის მმართველ პარტიებს - „კანონსა და სამართალს“ და „ფიდესს“ - შორის ფორმალური პოლიტიკური ალიანსის შექმნა სავარაუდოდ გამოირიცხა. მეოთხე - ევროკომისია ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის დაპირისპირების გაღრმავებას ცდილობს - პირველს იახლოებს და მეორის იზოლაციას ცდილობს. და ბოლოს - ამ ოთხი თემის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს აჩვენებს „ფიდესი“ არჩევნებზე, რა ტიპის ლიდერი გახდება პრემიერ-მინისტრი ორბანი და საერთოდ, გაიმარჯვებს თუ არა ის.

ომის დაწყებამდე პოლონეთი ბრიუსელის დერეფნებში ერთგვარ პარიად მოიაზრებოდა და მუდმივად ჭიდილში იყო ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტთან ხან ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით, ხან - გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან, ხან მიგრანტების კვოტებთან და ხანაც - სასამართლოსთან. ეს საკითხები ჯერაც არ გადაჭრილა, მაგრამ მათ მეორე პლანზე გადაინაცვლეს. წინ კი წამოიწია პოლონეთის როლმა უკრაინიდან ლტოლვილების დახმარების საქმეში - ქვეყანამ ერთ თვეში მილიონ-ნახევარი უკრაინელი მიიღო. ის ასევე იქცა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვის ჰაბად. ვარშავა ყველაზე ხმამაღლა მოითხოვს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დახმარებას. ბევრს ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპული ვიზიტის მეორე ქვეყნად სწორედ ვარშავა არჩია და არა, ვთქვათ, პარიზი ან ბერლინი.

ამ დროს კი უნგრეთი თავის ჩვეულ თამაშს აგრძელებს და სადღაც ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ინარჩუნებს დისტანციას. ბუდაპეშტს უსამართლო კრიტიკაც შეხვდა - მას არ დაუბლოკავს პუტინის რეჟიმის დამგმობი არცერთი განცხადება და არც სანქციების პაკეტისთვის შეუშლია ხელი - ყოველ შემთხვევაში, როდესაც დაინახა, რომ ამაზე ყველა იყო შეთანხმებული. უნგრეთმა ბევრი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და მხარი დაუჭირა მის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, ბუდაპეშტის გადაწყვეტილებამ, არ გაეტარებინა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი თავის ტერიტორიაზე, ასევე მისმა ნეგატიურმა მიდგომამ სანქციების - განსაკუთრებით კი, ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციების მიმართ, გააღიზიანა პოლონეთი, რომელიც აქამდე ბუდაპეშტის საწინააღმდეგოდ სიტყვას არასოდეს ძრავდა. ახლა კი პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა ბუდაპეშტში ვიშეგრად-4-ის მინისტერიალს დასწრებოდა, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ის, რომ რუსეთი ყოველთვის იყო განხეთქილების სათავე პოლონეთის მმართველ პარტიასა და ევროპის პოპულისტურ მემარჯვენე სპექტრზე მყოფ სხვა პარტიებს შორის - სიახლე არ არის. „კანონი და სამართალი“ კრემლთან მიმართებით ყოველთვის ქორის როლს თამაშობდა მაშინ, როდესაც ორბანი, ან თუნდაც მატეო სალვინი და მარინ ლე პენი, უფრო თეთრი მტრედები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან ცდილობდნენ შეეკრათ ახალი, პანევროპული სუპერჯგუფი მას შემდეგ, რაც „ფიდესმა“ შარშან მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია დატოვა. ამ მცდელობებს ახლა, სავარაუდოდ, ბოლო მოეღება. „კანონი და სამართალი“ ფორმალურად ვერ შეეკვრება პუტინის მეგობრებს, რომლებიც ახლა თავს ისე აჩვენებენ, თითქოს მხოლოდ უბრალო ნაცნობები იყვნენ.

ბრიუსელი ამ დროს შექმნილი ვაკუუმის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის ნაპრალს აღრმავებს. მართალია, გარკვეული უთანხმოებები დარჩება, პირველ რიგში სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ ევროკავშირის ოფიციალური პირები პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ ვარშავას ბრიუსელი ვეღარ დასჯის, რადგან ეს ძალიან ცუდად გამოჩნდება. ეს ქვეყანა ახლა ევროკავშირის „საკვანძო წევრი“ გახდა, დაახლოებით ისე, როგორ თურქეთია ნატოსთვის. „ვიცით, რომ ისეთ რამეებს აკეთებენ, რაც მაინცდამაინც არ მოგვწონს, მაგრამ ამაზე თვალს ვხუჭავთ“, - მითხრა ევროკავშირის ერთმა დიპლომატმა. მეორემ კი დაამატა - „თუ ვაშინგტონი შეურიგდა, ჩვენც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ“. პოლონეთი, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდ დოლარს მიიღებს ევროკავშირის 1,8-ტრილიონიანი ბიუჯეტიდან. ბუდაპეშტი კი სადამსჯელო მექანიზმების სამიზნედ დარჩება და მას პოსტპანდემიური დახმარებით არ გაანებივრებენ.

ამის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთი და უნგრეთი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ისინი, სავარაუდოდ, ერთმანეთს დაუჭერენ მხარს მეშვიდე სტატიის პროცედურებთან დაკავშირებით, თუ ალიანსის სხვა წევრები საბჭოში რომელიმე ქვეყნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ეცდებიან.

ბევრი რამე კი კვირის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. თუ უნგრეთში ოპოზიცია მოახერხებს მოულოდნელი გამარჯვების მოპოვებას, პოლონეთიც ალბათ კურსს შეიცვლის და „კანონსა და სამართალში“ პარტიის ლიბერალური ფრაქცია იმძლავრებს, რომელსაც პრეზიდენტი ანჟეი დუდა ხელმძღვანელობს. ასევე იმედოვნებენ - არა მხოლოდ ბრიუსელში - რომ „ფიდესის“ მცირე უპირატესობით გამარჯვება ორბანს უფრო დამყოლს გახდის და ის მოიშორებს უფრო კონტროვერსიულ მოკავშირეებს, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო. თუმცა, ერთი რამ უკვე ცხადია - ორი ქვეყნის ალიანსის დინამიკა, რომელიც ამდენ პრობლემას უქმნიდა ბრიუსელს, იცვლება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG