მიუხედავად დაპირებისა, რომ 31 მარტს, ქვეყანაში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ არსებული დოზების ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ ვაქცინით აცრის პროცესში წყვეტა არ იქნებოდა და პირველ აპრილიდან კვლავ შესაძლებელი იქნებოდა „ფაიზერით“ ვაქცინაცია, დღეს, პირველ აპრილს, „ფაიზერი“ საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.
ანუ, თუკი აცრის ისედაც მცირერიცხოვან მსურველთა შორის ვინმე მოისურვებს, რომ ან პირველად აიცრას „ფაიზერით“, ან ბუსტერ დოზა გაიკეთოს, დღეს ის ამას ვერ შეძლებს. ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი, www.booking.moh.gov.ge, მხოლოდ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებს შემოგთავაზებთ. ამ ჩამონათვალში „ფაიზერს“ მომდევნო დღეების განმავლობაში ვეღარ იპოვით.
რამდენი დოზა „ფაიზერი“ გადავყარეთ?
რაც შეეხება ვადაგასულ დოზებს, ანუ ამერიკული წარმოების ვაქცინის, „ფაიზერის“ იმ დოზებს, რომლის ათვისებაც საქართველომ ვერ მოახერხა, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, „მიმდინარეობს მათი ქსელებიდან ამოღება და ზუსტი რიცხვი ამ დღეებში გვეცოდინება“.
ვადაგასულ ვაქცინებზე ნუ იდარდებთ, „არ გვიზარალიაო“, ასე დაამშვიდა 22 მარტს ჟურნალისტები ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა: „ძველი ნაშთები ნაჩუქარია, ფინანსურად თუ მეკითხებით, არაფერი არ გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ, რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა. ეს რიცხვები ზუსტად არ შემიძლია დაგისახელოთ“.
2021 წელს საქართველოში მთლიანობაში მივიღეთ 2 მილიონ 40 ათასი დოზა „ფაიზერი“. როგორც 22 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა ამირან გამყრელიძემ, იმ დროისათვის, ქვეყანაში ასათვისებელი იყო 400 ათას დოზამდე „ფაიზერის“ ვაქცინა. რაკიღა ქვეყანაში აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ დღეში მხოლოდ 1000-ია და მათ შორის, აცრები კეთდება სამი ვაქცინით, „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზიდან, 31 მარტისთვის მაქსიმუმ დაიხარჯა 2000-დან 3000-მდე დოზა „ფაიზერი“, რაც უხეში გათვლებით იმას ნიშნავს, რომ საქართველოს 300 ათასზე მეტი „ფაიზერი“ გაუფუჭდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს კოვიდ-ვაქცინის დოზები გადასაყრელი გაუხდა. ასე გადავყარეთ გასული წლის ნოემბრის დასაწყისში 17 ათასი დოზა „ასტრაზენეკაც“.
როდის იქნება ხელმისაწვდომი „ფაიზერის“ ახალი დოზები?
ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრი, 22 მარტს აცხადებდა, რომ „ფაიზერის“ ახალი დოზები საქართველოში „მიმდინარე კვირაში“ უნდა შემოსულიყო, ანუ, 27 მარტამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში წყვეტა არ უნდა ყოფილიყო, თუმცა, 31 მარტს, ტელეკომპანია იმედისათვის მიცემულ ინტერვიუში, მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ „ფაიზერის“ ახალი პარტია „მოწოდების პროცესშია“.
თამარ გაბუნიამ პირველ აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ფაიზერის“ ახალი დოზები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო კვირის დასაწყისში. მინისტრის მოადგილის ხმოვანი კომენტარი პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა. პირადად მასთან გასაუბრება და დეტალების დაზუსტება ვერ მოხერხდა:
„ვაქცინა მცირე ლოგისტიკური ცვლილების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. არსებული დოზების ჩანაცვლება სრულად მოხდება ახლად მიღებული დოზებით და გადავალთ მთლიანად ახალ ლოგისტიკურ სქემაზე“.
თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარე წელს საქართველო „ფაიზერისგან“ ჯამში 1 000 000 დოზა ვაქცინას მიიღებს.
„მომდევნო კვირის დასაწყისი“, სავარაუდოდ, 5-6 აპრილი უნდა იყოს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ დღეს, მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში დომინირებული COVID19-ის შტამის, „ომიკრონის“ პირობებში, ბუსტერ დოზის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც „ომიკრონით“ ინფიცირების, ისე ვირუსის გართულების რისკს და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბუსტერ დოზის შემთხვევაში უპირატესობა სწორედ ამერიკული წარმოების „ფაიზერს“ ენიჭება, ამ ვაქცინით აცრის პროცესის წყვეტა, კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ისედაც უკიდურესად ნელი ტემპით მიმდინარე ვაქცინაციაზე.
30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ვაქცინით სრულად აცრილია მთელი მოსახლეობის მხოლოდ 31.58%. ხოლო მოზრდილი მოსახლეობის 43.7% და ეს მაშინ, როდესაც ჯერ „დელტა“ შტამისა და შემდეგ უკვე „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, პანდემიის ეფექტური მართვისა და დასრულებისთვის მოსახლეობის 85-90%-ის აცრა მაინც არის საჭირო.
უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლებს კორონავისურით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები. მნიშვნელოვნადაა შემცირებული ასევე დადებითობის დღიური მაჩვენებელი და 1 აპრილის მდგომარეობით, 1.79%-ს შეადგენს. დაბალია გადადების, ანუ რეპროდუქციული ინდექსის მონაცემიც და ის 0.71-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადაიარა.
თუმცა, თუკი საერთაშორისო გამოცდილებას გადავხედავთ და თვალს მივადევნებთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებას, ასევე ჩინეთის ზოგიერთ დიდ ქალაქსა და ამერიკაში არსებული ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციას, მოსალოდნელია, რომ საქართველო კვლავ დადგეს კორონავირუსის მომდევნო ტალღის საფრთხის წინაშე. მით უმეტეს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 28 მარტიდან საქართველოში თითქმის სრულად მოიხსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვები, თუ არ ჩავთვლით, დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებას.
არის თუ არა ახალი კოვიდ-ტალღის საფრთხე?
მარტის მიწურულიდან კორონავირუსის შემთხვევები იმატებს ევროპის 18 ქვეყანაში. მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, რომელიც მათ მარტის ბოლო კვირაში გააკეთეს, ევროპაში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებლის მატება დაკავშირებულია შეზღუდვების მყისიერ გაუქმებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნებმა ნაადრევად მოხსნეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვები.
ჰანს კლუგი, WHO-ს რეგიონული დირექტორი აცხადებს, რომ ევროპაში კორონავირუსის მაჩვენებლის ზრდა ერთი მხრივ შეზღუდვების სრულად გაუქმებამ და მეორე მხრივ, „ომიკრონის“ ქვე ვარიანტის, BA2-ის გავრცელებამ განაპირობა. თუმცა, მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ჰანს კლუგი ამბობს, რომ მაინც არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს კი მას აძლევს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში, წარსულში გადატანილი ინფექციით ან ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი.
თუკი ამ ოპტიმიზმის სცენარს საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი ვერ უნდა გვაძლევდეს პოზიტიურ მოლოდინებს, რაკიღა, ქვეყანაში სრული მოსახლეობის მხოლოდ 32%-ია ვაქცინირებული. ხოლო „ომიკრონის“ პირობებში ასე მნიშვნელოვანი ბუსტერ დოზა მხოლოდ 235 ათასამდე ადამიანს აქვს გაკეთებული.
რაც შეეხება გადატანილი ინფექციით მიღებულ იმუნიტეტს, პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 1 647 365 ადამიანი. თუკი ამ რიცხვს მოსახლეობის სრულ რაოდენობას შევადარებთ, გამოდის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 50%-მა იავადმყოფა კორონავირუსით. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ რაოდენობაში შედიან ის ადამიანებიც, რომლებმაც კოვიდი მეორედ ან მესამედ გადაიტანეს. ანუ, საგულისხმოა ისიც, რომ კოვიდის წინა შტამებით მიღებული იმუნიტეტი, არ არის „ომიკრონისგან“ დაცვის გარანტი. ხოლო ვაქცინაციის პროცესი, რომელიც პანდემიის სამართავად და მომდევნო ტალღებისგან დასაცავად ასე მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად მინიმუმამდეა დასული. რომ აღარაფერი ვთქვათ, პირველი აპრილიდან „ფაიზერის“ ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის შეწყვეტაზე.
როგორია ქვეყანაში იმუნური ფენის მაჩვენებელი, ამ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნებს. ყოველ შემთვევაში, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მოცულობითი კვლევა, რომელშიც ჩართულია 20 ათასი ადამიანი და მისი მიზანია მოსახლეობაში ანტისხეულების მაჩვენებლის დადგენა:
„კვლევა გვიჩვენებს გადატანილი და ვაქცინაციით მიღებული ანტისხეულების რაოდენობას და დაახლოებით გვეცოდინება, თუ რა ფენას აქვს ქვეყანაში იმუნიტეტი. გათვლებით გვაქვს, რომ დაახლოებით 85%-ის ფარგლებში არის ქვეყანაში იმუნური ფენა - ანუ, ვინც აცრილია და ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი“.
საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მორიგი, მეშვიდე ტალღა, შესაძლოა ზაფხულში იყოს. ასე ფიქრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძეც. ის ამბობს, რომ მორიგი აფეთქების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია მოქალაქეებმა გაიკეთონ ბუსტერ დოზა, ატარონ ნიღაბი და დაიცვან დისტანცია:
„BA2 ვარიანტის მეორე ტალღა იქნება ივნის-ივლისში. ჩვენ დღეს უნდა მოვემზადოთ ივნის-ივლისისთვის, რომ ისევ არ ჩავიკეტოთ, ისევ არ გვქონდეს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და არ გვქონდეს აფეთქებები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ორჯერ აცრა არ გვიცავს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბუსტერ დოზა ძალიან მნიშვნელოვანია. და საქართველოში რამდენი ადამიანია ბუსტერით აცრილი? 200 ათასი ადამიანი. ანუ, პრაქტიკულად, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში დაცულია 200 ათასი ადამიანი“.
მეოთხე დოზა „ფაიზერი“ - დაგვჭირდება თუ არა?
აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) 29 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მეორე ბუსტერ დოზის ანუ ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის შესახებ 50 წელს ზემოთ ადამიანებისა და იმუნოკომპრომისული პაციენტებისთვის. გადაწყვეტილების თანახმად, რეკომენდებულია, რომ მეოთხე დოზა გაკეთდეს მესამე დოზის მიღებიდან ოთხი თვის თავზე.
მათი გადაწყვეტილებითვე, „ფაიზერის“ მეოთხე დოზა ასევე შესაძლოა გაუკეთდეთ 12 წელს ზემოთ იმუნოკომპრომისულ პაციენტებს. მათ შორის, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ორგანო.
„ახალი მონაცემების ანალიზის თანახმად, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მეორე ბუსტერ დოზას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების დაცვის ხარისხი. ამასთანავე, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინის პირველი ბუსტერ დოზა მნიშვნელოვნად იცავს ადამიანებს ვირუსის მძიმე ფორმისგან. ასე რომ ვისაც არ მიუღია ვაქცინის მესამე დოზა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აიცრათ“, - განაცხადა პიტერ პარკსმა, FDA-ის ბიოლოგიური პრეპარატების კვლევის ცენტრის დირექტორმა.
FDA „ფაიზერის“ მეოთხე დოზით ვაქცინაციის გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, დაახლოებით 700 000-მდე მეოთხე დოზით ვაქცინირებულ არცერთ ადამიანში არ გამოვლენილა ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის პრობლემები.
საქართველოში „ფაიზერის“ მეოთხე დოზით ვაქცინაციის პროცესის დაწყების რეკომენდაციაზე წერს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება დროულად უნდა იქნას მიღებული:
„შეიძლება უმრავლესობას ეს არ აინტერესებს, მაგრამ ვისაც ეს ჭირდება და სურვილი აქვს, სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე. 70 წლის ზემოთ და რისკ-ჯგუფებს 3 თვის შემდეგ მესამე დოზიდან; სამედიცინო პერსონალს 6 თვის შემდეგ მესამე დოზიდან".
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 748 ადამიანი.