"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს ფრაზას, რომ "საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები უკრაინაში ხელისუფლებაში არიან" და საუბრობს იმ დარტყმაზე, რომელსაც, მისი შეფასებით, "ომის პარტია" აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდი "ომის პარტიად" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მოიხსენიებენ. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გასულ კვირაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების უკრაინაში ვიზიტის შედეგია რიგი განცხადებები, რომლებსაც ბოლო დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსები აკეთებენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ვიზიტი უკრაინაში, დელეგაციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე იყო. რადას დეპუტატებს და, თუ არ ვცდები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მათ საკმაოდ მაღალ დონეზე გამართეს შეხვედრები და, სამწუხაროდ, შედეგმაც არ დააყოვნა და ვნახეთ უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომელიც ზუსტად ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ გაკეთდა. კარგად ჩანს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ვიზიტი. ლოგიკურია, არსებობს კავშირი ვიზიტის მიზნებსა და ამ განცხადებებს შორის. ჩანს კონკრეტული კოორდინაცია.
არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ, სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, უკრაინის ხელისუფლებაში იმყოფებიან, მათ შორის, სააკაშვილი, რომელიც არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ამავდროულად, არის უკრაინის ხელისუფლების წევრი, კერძოდ, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი დღემდე მიუხედავად იმისა, რომ დანიშვნის შემდეგ ის ქურდულად შემოიპარა საქართველოში და დღეს დამსახურებულ სასჯელს იხდის. ბუნებრივია, ასეთ დროს იქმნება უხერხულობები, რაც გამოხატულია განცხადებებში და ეს ყოველივე ჩვენთვის დასანანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის 26 მარტს გაკეთებულ განცხადებას. დანილოვმა ამ დღეს თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას კობახიძემდე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.
"საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურება, აგრეთვე, „ომის პარტიის“ პირდაპირი თუ ირიბი საუბრები ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ.
თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად", - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 მარტს, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მან დღეს ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა საქართველოს მთავრობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის წინადადება და გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან იმ პირობით, რომ არ ჩაერევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და საპატიმროს დატოვების შემდეგ, გაემგზავრება საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:
„სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს, არ უნდა წავიდეს უკრაინაში, ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ გახსოვთ, როგორ დაამძიმა მან საქართველოს მდგომარეობა განსაკუთრებით 2008 წელს და მას შეუძლია, ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმოს უკრაინელ ხალხს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება, თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ასეც და ისეც, მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ასეთი საკითხი არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას და მოქალაქეობის თვალსაზრისით საკუთარი ქვეყნის, უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც, ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის."