Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე: რაიმე ანგარიშსწორებაზე საუბარი ზედმეტია


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ამბობს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა არ წარმოადგენს პრეზიდენტის დევნას და არ უნდა შეფასდეს მის წინააღმდეგ ანგარიშსწორების მცდელობად. კობახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა ვალდებული იყო მყისიერი რეაგირება ჰქონოდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ტენდენციაზე. ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე დღეს, 28 მარტს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად ილაპარაკა.

„[ანგარიშსწორება] შეიძლება დაარქვა ისეთ რამეს, რომელიც ითვალისწინებს ვინმეს დასჯას, სანქციის შეფარდებას და ა.შ. ამ შემთხვევაში არავითარი დასჯა არ მოხდება. ერთადერთი, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაბამისად, აქ ანგარიშსწორებაზე საუბარი არის ზედმეტი და ეს არის სპეკულაცია, რასაც მიმართავენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა კობახიძემ. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაში გულისხმობს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, 14 მარტს, ყოველწლიურ მოხსენებაზე, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შესვლას და ასევე ქვეყნის გარეთ პერსონალურ ვიზიტებს მას შემდეგ, რაც მთავრობამ ოფიციალური ვიზიტების ჩატარებაზე უარი უთხრა.

კობახიძის განცხადების ფონია მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების გამო.

სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ მას ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტები გაუუქმა, რის გამოც მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

XS
SM
MD
LG