სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეექვსე ცდაზე გაყიდა თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განთავსებული 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ე.წ. რიყის დოქებით. ინვესტორი 10 020 000 ლარს გადაიხდის, რაც თავდაპირველ ღირებულებაზე თითქმის 10-ჯერ იაფია.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყიდველი Global Victory Trust-ია. მისი ვალდებულებაა, 36 თვის განმავლობაში ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს და არანაკლებ 20 მლნ ლარი დახარჯოს.
"ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას", - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.
"რიყის დოქები" პირველად გასაყიდად ორი წლის წინ, 2020 წლის 5 თებერვალს გამოიტანეს და მისი საწყისი ფასი 95 მლნ ლარი იყო.
"ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ, რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით სწორი გამოყენება ვუპოვოთ "რიყის დოქებს", - თქვა ლოტის გასაყიდად გამოტანისას მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.