Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორკილებიანი ადვოკატი და მოზარდი, რომელსაც პოლიციაში აღიარებით ჩვენებას სთხოვდნენ?


ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, 15 წლის მოზარდის დასაცავად მისულ ადვოკატს, ვასილ მამულაშვილს, 20 მარტის ღამეს თავად დაადეს ბორკილები. მართალია რამდენიმე საათის შემდეგ ის განყოფილებიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მას ახლა სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ადვოკატისა და 15 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილ სავარაუდო გადაცდომის ფაქტებს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის ოფისი. ადვოკატი ასევე მიმართავს გენერალურ ინსპექციასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საადვოკატო საქმიანობის ხელის შეშლისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა ფაქტების გამოძიების მოთხოვნით.

ვასილ მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 15 გ.გ.-ს, რომელიც სამართალდამცავებმა 20 მარტს განყოფილებაში მოწმის სტატუსით დასაკითხად მიიყვანეს, სამმართველოს უფროსი აღიარებით ჩვენებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებოდა.

ადვოკატის თქმით, საქმე ეხება 19 მარტს, თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტს: „სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცით, საქმე ეხება, ეთნიკური ნიშნით ჩადენილ დანაშაულს, სავარაუდოდ, რუსი ან ბელორუსი მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტს“, - გვეუბნება ვასილ მამულაშვილი. მისი თქმით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, რომელსაც თან არ ახლავს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება.

ვასილ მამულაშვილის სიტყვებით, სამართალდამცავებმა 15 წლის მოზარდის წინააღმდეგ ნაცად ხერხს მიმართეს და ბრალის აღიარება მოითხოვეს:

„ამ მოზარდის წინააღმდეგ ერთი წელია უკვე არსებობს მიმდინარე საქმე ძალადობის ფაქტზე. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო 120-ე მუხლით განიხილავს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. სამართალდამცავებმა კი კარგად აპრობირებული მეთოდი გამოიყენეს და რაკი მოზარდის მიმართ უკვე არსებობს ერთი საქმე, გადაწყვიტეს, რომ 19 მარტს მომხდარი ძალადობის ფაქტიც მას დაუკავშირონ. მიაკითხეს სახლში, ჩაატარეს ჩხრეკა. იქ ვერაფერი ნახეს ხელჩასაჭიდი და წაიყვანეს დასაკითხად განყოფილებაში. მოზარდი ამბობს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ფაქტთან და ამის არც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, აღიარებითი ჩვენება მოითხოვეს არა მხოლოდ მოზარდისგან, არამედ ეს პირობა წაუყენეს მის ადვოკატებსაც:

„სანამ მოზარდთან ავიდოდით, რათა გამოკითხვის პროცესს დავსწრებოდით, თანამშრომელმა გვითხრა, პოლიციის უფროსს უნდა თქვენთან დალაპარაკებაო. შევედით მასთან, რომელმაც გვითხრა, რომ პროკურორის დაპირების თანახმად, თუკი მოზარდი აღიარებს დანაშაულს და ადვოკატები დაგვეხმარებით ამ აღიარების მოპოვებაში, მას დღესვე გაგატანთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავაკავებთ და გარდა ამისა, სხვა საქმეებიც გვაქვს შესაძლო ბრალდებებით და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაციაო“.

ვასილ მამულაშვილის თქმით, გარდა აღიარებითი ჩვენების იძულებითი მოპოვების მცდელობისა, სამართალდამცავები ასევე შეეცადნენ, დაცვის გარეშე დაეტოვებინათ მოზარდი:

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს ისე, რომ არ დაელოდნენ ადვოკატს. ასე განმარტეს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საღამოს 10 საათამდე გვქონდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა და ამიტომ ადვოკატს ვერ დაველოდებოდითო. არადა, მოზარდი ადვოკატს ითხოვდა და ისიც და მამამისიც ამბობდნენ, რომ სანამ ადვოკატი არ მივიდოდა, ოქმებს ხელს არ მოაწერდნენ, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა“.

სამართალდამცავებისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ადვოკატებმა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დარღვევის აღმნიშვნელი შენიშვნები დოკუმენტურად დააფიქსირეს:

„მაგალითად, მოწმის ტანსაცმლის ამოღების პროცესი დაიწყეს იმაზე ადრე, ვიდრე მოზარდსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, მამას, ოფიციალურად გააცნობდნენ საგამოძიებო მოქმედებების დადგენილების ოქმი, რაც დაუშვებელია. ამოღებული ტანსაცმელი მოზარდს შემთხვევის დღეს არ სცმია. მოზარდს არ ჰქონდა ხელი მოწერილი ოქმზე. დავაფიქსირეთ ამასთანავე სხვა გადაცდომებიც და დავიწყეთ ამ ფაქტებზე შენიშვნების წერა. თუმცა, წინადადება არ მქონდა დამთავრებული, გამომტაცა გამომძიებელმა ხელიდან შენიშვნების ფურცელი, ჩვენ უკვე დავასრულეთ საგამოძიებო მოქმედებებიო და მიაგდო ფურცელი მაგიდაზე. თუკი დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები-მეთქი, მეც დავყარე მაგიდაზე ფურცლები, რაც თურმე შემდეგ ხულიგნობად ჩამითვალეს“.

მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, ვასილ მამულაშვილმა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოზარდმა შენობის დატოვება გადაწყვიტეს, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას პოლიციელების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა:

„იქიდან გამომდინარე, რომ მოწმის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი პროცესი და ჩვენ არ გვქონდა საქმე არც დაკავების საგამოძიებო მოქმედებასთან და არც შესაბამის დადგენილებასთან, ცხადია, პოლიციის შენობაში გვქონდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და როდესაც გვითხრეს, დავასრულეთ საგამოძიებო მოქმედებაო, მეც მოვკიდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ხელი და ჩამოვედით პირველ სართულზე. მაგრამ, შენობის გასასვლელთან დაგვხვდა 10-15 თანამშრომელი, მათ შორის, პოლიციის უფროსი. გარეთ რომ გამოვედით, სამართალდამცავების მხრიდან გაისმა შეურაცხმყოფელი ფრაზებიც და უცებ, აღმოჩნდა, რომ მოზარდი უნდა დააბრუნონ განყოფილებაში, რადგან მას ბრალი უნდა წაუყენონ და დააკავონ. ვუთხარი, რომ შენობაში შესვლას აღარ ვაპირებდით, გამოეცათ შესაბამისი დადგენილება და იქვე, ეზოში დაეკავებინათ. თუმცა, ამასთანავე, ცხადი იყო, რომ შესაბამისი მტკიცებულებები რომ ჰქონოდათ, მას მანამდე დააკავებდნენ“.

ამის პარალელურად, ძველი თბილისის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ვასილ მამულაშვილმა გენერალური ინსპექციის საქმის კურსში ჩაყენება გადაწყვიტა და უწყებასთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა, რამდენიმე წუთში მას პოლიციის ეზოში ბორკილები დაადეს:

„დაკავების საფუძველი ძალიან კომიკურია. მედავებიან, რომ შენიშვნები შევიტანე თვითნებურად. ანუ მე არ ვიყავი პროცესში მონაწილე პირი და ეს შენიშვნები დავწერე გამომძიებლის წინააღმდეგობის მიუხედავად. შემდეგ თურმე ფურცლები მივყარე მაგიდაზე, რაც პოლიციის შეურაცხყოფა არისო და ასევე მოზარდი სამართალდამცავებთან შეუთანხმებლად გავიყვანე შენობიდან. ეს ყველაფერი ერთობლიობაში შეაფასეს წვრილმან ხულიგნობად და პოლიციის კანონიერი მოთხოვნილებისადმი დაუმორჩილებლობად.“

ვასილ მამულაშვილის დაკავების შემდეგ, 15 წლის მოზარდი, რომლის დაკავებასაც მანამდე სამართალდამცავები ძალადობის ბრალდებით აპირებდნენ და სწორედ ამ მიზნით გადაუდგნენ მას და ადვოკატს პოლიციის ეზოში, სახლში გაუშვეს:

„კი ბატონო მე დამაკავეს, მაგრამ თუკი მოზარდის დაკავებისა და ბრალდების საფუძველი არსებობდა, ისიც ხომ უნდა დაეკავებინათ? მაგრამ არა, მოზარდი სახლში გაუშვეს. ის დაკავებული არ არის“.

შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მომხდარ ფაქტს სწავლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მართალია ადვოკატების დაკავების ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იშვიათია, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც პოლიციის განყოფილებებში მისულ ადვოკატებს არ ეძლევათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა:

დავით ასათიანი
დავით ასათიანი

„ეს პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებში ვლინდება. სამწუხაროდ, ბევრი პოლიციელი პროფესიით იურისტი არ არის და არ აქვთ გაცნობიერებული ადვოკატის როლი, მათი ფუნქციების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია. რაც შეეხება ადვოკატის დაკავების ფაქტს, შარშან დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, როდესაც ის ცდილობდა თავისი კლიენტის ინტერესების დაცვას, რომელსაც ასევე აკავებდნენ და აი, წელს, უკვე ვასილ მამულაშვილის შემთხვევაა. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ მამულაშვილის საქმეს თვალს“.

ადვოკატისა და 15 წლის მოზარდის საქმეების შესწავლა, მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით დაიწყო სახალხო დამცველმაც. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის ოფისში უთხრეს. დამატებით დეტალებზე სახალხო დამცველის ოფისი შერჯერობით არ საუბრობს.

ვასილ მამულაშვილის თქმით, მან უკვე მიიღო ცნობა სახალხო დამცველისგან, რომ ომბუდსმენის ოფისმა მიმართა შსს-ს კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით.

რაც შეეხება თავად 19 მარტს მომხდარ ძალადობის ფაქტს, რის გამოც ჯერ 15 წლის მოზარდი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი მის ადვოკატს რამდენიმე საათით ბორკილები დაადეს, რადიო თავისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში მოიკითხა, თუმცა, ინფორმაცია უწყებიდან ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

XS
SM
MD
LG