ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 21 მარტს, საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. უწყება საქართველოს მოქალაქეებს „აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან მომდინარე საშიშროების შესახებ“ აფრთხილებს და მოუწოდებს ამ ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მათ მიაწოდონ.
ეს განცხადება ერთი რგოლია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ ლუგარის ლაბორატორიის - საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის- შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციული ჯაჭვისა.
ცხინვალში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან მიიღებენ მონაცემებს „აშშ-ის ბიოლოგიური და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის შესახებ, რომელიც განლაგებულია, ინახება ან გამოიყენება საქართველოს რეგიონებში“; ასევე თბილისის ლუგარის ლაბორატორიის შესაძლო მონაწილეობის შესახებ „ბიოლოგიურ-დივერსიული აქციების ჩატარებაში, რომელიც მიმართულია საქართველო მოქალაქეებისადმი და საქართველო სოფლის მეურნეობისადმი ფარული ზიანის მიყენებაზე“ და ასევე დააფიქსირებენ, თუ როგორ აგროვებენ საქართველოში აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის სპეციალისტები ბიოლოგიური ნიმუშებს.
დე ფაქტო რესპუბლიკის „კაგებე" საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს, დაუკავშირდნენ ტელეფონის ან მესენჯერის საშუალებით, ან ისარგებლონ ელექტრონული ფოსტით.
„ანონიმურობა და კონფიდენციალურობა გარანტირებულია ყველა შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერ კიდევ 2020 წელს, დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთელი ოსების გენოციდის პირდაპირი გაგრძელება უწოდა თბილისის „ლუგარის ცენტრის“ საქმიანობას.
ამ შინაარსის განცხადება მაშინაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ცენტრის წარმომადგენლები ცდილობდნენ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან“ ბიოლოგიური მასალის აღებას.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, დე ფაქტო უშიშროებამ მალევე გაავრცელა პირველი განცხადება და საქართველოს სპეცსამსახურები დრონების დახმარებით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან უხილავი ვირუსის გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა.
ასევე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “კაგებეს” მტკიცებით, რეგიონში მობინადრე ღამურებით დაინტერესებულია თბილისში აშშ-ის დაფინანსებით აშენებული ლუგარის ბიოლაბორატორია.
2020 წელს ზაფხულში, უწყებამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, გამყოფი ხაზისპირა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს 3 ივლისს. ორი კვირის შემდეგ, ცხინვალის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთა ღამურების დასაჭერად, რომლებიც თბილისში, 5 000-10 000 აშშ დოლარად უნდა გაეყიდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მაშინ განაცხადა: "ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არცერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს”.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაშინ ამბობდა, რომ საქართველო მზად იყო, აღდგომოდა ნებისმიერ მცდელობას რომელიც “ფეიკ ნიუსებითა” თუ შეტევებით ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი დე ფაქტო რესპუბლიკაში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიის აფეთქებასაც ლუგარის ლაბორატორიასთან აკავშირებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ აშშ ხარკოვის ლაბორატორიაში მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა საიდუმლო პროექტს ღამურებიდან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის გზების შესასწავლად.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააქტიურეს პროპაგანდისტული კამპანია უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში საიდუმლო ცდებსა და ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ. რუსეთის განცხადებებს სრულ სიყალბეს უწოდებენ როგორც უკრაინა, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ასევე, თავად რუსი მეცნიერების ნაწილი.
ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი დეზინფორმაციის დიდი კამპანიის თანხლებით, თავად აპირებს უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას და შემდეგ ამას უკრაინას დააბრალებს.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელეს საქართველოში არსებული ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებაც. კერძოდ, ის, რომ, თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.