Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ისევ უკრაინულ ლაბორატორიებსა და ღამურებზე ლაპარაკობს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ისევ განაცხადეს, რომ აშშ უკრაინის ბიოლაბორატორიებში ახორციელებდა საიდუმლო პროექტებს. დღეს, 17 მარტს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ აშშ ხარკოვის ლაბორატორიაში მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა საიდუმლო პროექტს ღამურებიდან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის გზების შესასწავლად.

კონაშენკოვის მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს უკრაინული ლაბორატორიების თანამშრომლებისგან მიღებული შესაბამისი დოკუმენტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს ისიც თქვა, რომ უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ ახალ დოკუმენტებსაც, უკრაინის ტერიტორიიდან დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ადამიანის დიდი რაოდენობით ბიომასალის გატანის შესახებ.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააქტიურეს პროპაგანდისტული კამპანია უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში საიდუმლო ცდებსა და ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ. რუსეთის განცხადებებს სრულ სიყალბეს უწოდებენ როგორც უკრაინა, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ასევე, თავად რუსი მეცნიერების ნაწილი.

ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი დეზინფორმაციის დიდი კამპანიის თანხლებით, თავად აპირებს უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას და შემდეგ ამას უკრაინას დააბრალებს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელეს საქართველოში არსებული, ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებაც. კერძოდ, ის, რომ თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG