მაგრამ კრემლი ახალს არაფერს ამბობს. „სიკვდილის ლაბორატორიები” მისი საზღვრების სიახლოვეს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ხომ გახსოვთ, როგორ ამტკიცებდა რუსული მედია, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი იქმნებაო? უკრაინაში ომის ფონზე, იმავეს უკრაინულ ლაბორატორიებზეც წერენ.
ნაწლავის ჩხირი და დიფტერია
11 მარტს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭო მოიწვია, სადაც ქვეყნის წარმომადგენელმა დმიტრი პოლანსკიმ ისაუბრა უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის „საიდუმლო” ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე.
იქამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 მარტს, რუსმა გენერალ-მაიორმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი სასწრაფოდ ასუფთავებდა უკრაინაში სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის კვალს”. პროგრამას კი აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა.
ამ ბრალდებების განსამტკიცებლად, მომდევნო დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გამოაქვეყნა საბუთი უკრაინულ ენაზე, სადაც ეწერა, რომ ლაბორატორიებში მუშაობდნენ „შავი ჭირის, დიფტერიის, ციმბირის წყლულის, ბრუცელოზის” და სხვა დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებთან.
კიევში უპასუხეს, რომ რუსეთი უბრალოდ იტყუება და მას ჰაერივით სჭირდება, გამართლება მოუძებნოს უკრაინაში შეჭრას.
„უკრაინის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს უცხოური ბიოლოგიური ლაბორატორიები. ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და განგებ ამახინჯებს ფაქტებს”, - ნათქვამია უკრაინის უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უფრო შორს წავიდა. იგი ირწმუნება, რომ უკრაინაში მუშაობდნენ „ეთნიკურად ორიენტირებურ ბიოლოგიურ იარაღზე”, რომელიც შეუტევს მხოლოდ სლავურ დნმ-ს და ეფექტურია მხოლოდ სლავი ერების წინააღმდეგ.
აბსურდი და რასიზმი
ლავროვის ბრალდებებს რუსი მეცნიერების ნაწილი გამოეხმაურა ღია წერილით. მათი თქმით, სპეციალურად სლავების წინააღმდეგ შექმნილ ბიოლოგიურ იარაღზე საუბრები არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ რასისტულიც.
„განცხადებები “სლავური დნმ-ის” შესახებ ბოდვაა ყველასთვის, ვისაც ახსოვს ბიოლოგიის სასკოლო კურსი. მსგავსი განცხადებები იგივეა, რაც გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების თეორიები და “უმაღლესი არიული რასის” კულტი. საქმე ისაა, რომ ამაზე ბიოლოგები უკვე 150 წელია, რაც თანხმდებიან. ხალხები არ არიან უბრალოდ გენეტიკურად მსგავსი სათემოები. არც ცალკე აღებული “სლავი ხალხი” არსებობს”, - უთხრა ტელეარხ Current Time-ს პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა, ბიოლოგმა ევგენი ლევიტინმა.
იგი ასევე ამბობს, რომ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ საბუთში არ არის საუბარი არცერთ ბაქტერიასა და ვირუსზე, რომელიც შეიძლება გამოიყენო ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად. ნახსენები კულტურები კი „უსიამოვნოა, მაგრამ ან არ გააჩნიათ საკმარისი მომაკვდინებელი პოტენციალი, ან უბრალოდ რთულია მათი სწრაფად გავრცელება”.
რა არის უკრაინის ტერიტორიაზე?
2005 წელს უკრაინის ჯანდაცვისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებმა გააფორმეს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. საბუთის თანახმად, მხარეები გააკონტროლებენ და გამოავლენენ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სახიფათო ვირუსებსა და ბაქტერიებს, და ერთად იმუშავებენ „ბიოლოგიური საფრთხეების აღკვეთაზე”.
აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით, ლვოვის, ხარკოვის, კიევისა და სხვა ქალაქების ლაბორატორიებში შესაძლებელია უკვე არსებული ვირუსების ახალი შტამების გამოვლენაც.
ანალოგიური შეთანხმება არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორისაც, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია გაიხსნა. მასზე რუსული სახელმწიფო მედია დიდი ხანია საუბრობს და ირწმუნება, რომ ბიოლოგიურ იარაღზე საქართველოშიც მუშაობენ.
ძველი ხრიკი
თუმცა რუსული პროპაგანდის მკვლევრები ამბობენ, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნაში აშშ-ს კრემლი ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ადანაშაულებს.
„ეს მახსენებს კგბ-ს სადეზინფორმაციო კამპანია “ოპერაცია ინფექციას”, რომელიც ამტკიცებდა, რომ აივ-შიდსის ვირუსი აშშ-ის სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა”, - ამბობს მკვლევარი ენდრიუ უებერი.
NBC News-ის ციფრული კორესპონდენტი კევინ კოლერი კი ფიქრობს, რომ კრემლი ყოველთვის საგულდაგულოდ არჩევს მომენტს სადეზინფორმაციო კამპანიის დასაწყებად. მისივე თქმით,კრემლის დეზინფორმაციის ამერიკაშიც სჯერათ.
კოლერი სწავლობს ინტერტნეტმოძრაობა QAnon-ს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკას სატანისტი პედოფილები მართავენ. ტრამპი საკრალური ფიგურაა მოძრაობა QAnon-ის წევრებისთვის. შეთქმულების თეორიებისადმი საყვარულის გარდა, მათ აერთიანებდათ რწმენა, რომ ბნელი ძალებისგან ამერიკას სწორედ ის გაათავისუფლებს. მაგრამ რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, ეს რწმენა შეირყა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, QAnon-ელებმა აიტაცეს ძველი (მაგრამ მათთვის ახალი) გზავნილი, რომელსაც რუსული პროპაგანდა 2015 წლიდან ავრცელებს.
"გული მიგრძნობდა, რომ ეს ნაბიჭვრები კიდევ ერთხელ აპირებდნენ ბიოლოგიური იარაღის გავრცელებას და საჭირო იყო ვიღაც, ვინც ამას შეაჩერებდა. პუტინი მათ წინ აღუდგა. ჩემი აზრით, ეს იყო ტრამპთან მისი შეთანხმების ნაწილი" - მოჰყავს CNN-ს ერთ-ერთი QAnon-ელი "ინფლუენსერის" სიტყვები.
„პროპაგანდა ყოველთვის უკეთ მუშაობს, როცა არსებობს ემოციური სატყუარა”, - ამბობს კოლერი.
ამ შემთხვევაში ემოციური სატყუარა პანდემიაა. კორონავირუსი და პანდემიის დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობაზე ამარტივებს იმის დაჯერებას, რომ მსგავსი საფრთხე ისევ შეიძლება გაჩნდეს.
8 მარტს, აშშ-ის სენატში გამოსვლისას პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა, რომ უკრაინაში მართლაც არსებობს ცენტრები ბიოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. ამიტომაც, მისი თქმით, შესაძლოა, ახლა რუსეთი უბრალოდ იქმნის ნიადაგს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის, რათა შემდეგ იქით დაადანაშაულოს ამაში უკრაინა.
ნულანდის ეჭვები 14 მარტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაიზიარა. ბრიტანული დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ მალე რუსეთი თავად გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს, შემდეგ უკრაინას დაადანაშაულებს და ამით გაამართლებს ომის დაწყებას.
რუსეთი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ქიმიური იარაღის გამოყენებაშიც. პენტაგონის მტკიცებით, 2013 და 2018 წლებში სირიაში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის უკან ბაშარ ასადის რეჟიმი და რუსი სამხედროები დგანან.
ამასთანავე, ქიმიური იარაღი არაერთხელ გამოუყენებიათ კრემლის ოპონენტების წინააღმდეგ. სხვადასხვა ნივთიერებით მოწამლეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნები - ალექსანდრ ლიტვინენკო და სერგეი სკრიპალი, სულ ბოლოს კი, 2021 წლის ზამთარში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.
სხვათა შორის, ლუგარის ლაბორატორიის „სასიკვდილო ექსპერიმენტებზე” რუსული მედია სწორედ 2018 წლის 4 მარტს, ბრიტანულ ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის გაზ „ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ ალაპარაკდა.