ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში რუსული პროპაგანდის ქრესტომათია უწოდეს მოსკოვის განცხადებებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს ქმნიდა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, მსგავსი აბსურდული და ღიმილისმომგვრელი განცხადებებით და კლასიკური პროპაგანდით რუსეთი შესაძლოა, თავად ამზადებს საფუძველს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის.
9 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოითხოვს უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საქმიანობის ამსახველ მასალებს და დოკუმენტებს.
ზახაროვას თქმით, ამ ლაბორატორიებში ხორციელდებოდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და არ არსებობს პასუხი შეკითხვებზე, მათ შორის იმაზე, ხომ არ მოხვდა ეს იარაღი „უკრაინელი ნაციონალისტების“ ხელში. იმავე დღეს, 9 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამომძიებლებს დაავალა სისხლის სამართლის საქმე აღძრან და დაადგინონ რუსეთის ტერიტორიის მახლობლად ბიოლოგიური იარაღის შემუშავების გარემოებები. მანამდე, 7 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ლაბორატორიებში აშშ-ის ექსპერიმენტებისა და საფრთხეების შესახებ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
2011 წლიდან, საქართველოში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, რუსეთის ოფიციალური პირები და რუსული მედია ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.