Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი კვლავ ლუგარის ლაბორატორიასა და მისგან „მომდინარე საფრთხეებზე“ ალაპარაკდა


ღორის აფრიკული ჭირი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ცირკულირებს, საქართველოს ლაბორატორიაში გამოიყვანეს, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსმა იგორ კირილოვმა.

მისი სიტყვებით, რუსი ჩინოვნიკები და მედია პერიოდულად იტყობინებიან, თბილისში ვირუსებზე წარმოებული ექსპერიმენტების შესახებ.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2007 წელს ღორის აფრიკული ჭირის შტამი, გაძლიერებული გადადების უნარით, შეიქმნა პენტაგონს დაქვემდებარებულ ქართულ ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უამრავ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასა და პოლონეთს და გამორიცხა ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორებისგან“, - თქვა კირილოვმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

"ინტერფაქსის" ცნობით, 2013 წელს რუსეთის ფედერაციის ყოფილმა მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი, რომელმაც რუსეთის რეგიონებში პირუტყვი დახოცა, რუსეთში საქართველოდან შევიდა.

იგორ კირილოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ლვოვში ბიოლოგიური ლაბორატორიები მუშაობდნენ შავი ჭირის, ჯილეხისა და ბრუცელოზის პათოგენებთან, ხარკოვსა და პოლტავაში - დიფთერიის, სალმონელოზისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაქტერიებზე. მისი თქმით, ფლობენ ინფორმაციას, რომ მიმდინარე სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია გაანადგურეს.

"ბიოპათოგენების ნომენკლატურა და ჭარბი რაოდენობა მოწმობს სამხედრო ბიოლოგიური პროგრამების ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს", - ხაზი გაუსვა მან.

კირილოვის სიტყვებით, ამ პროცესს შეერთებული შტატები კურირებს და თუ კოლექციები რუს ექსპერტებს ჩაუვარდებათ ხელში, მაშინ, დიდი ალბათობით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევაზე პასუხისგება მოუწვეთ.

2011 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გახსნის დღიდან, რუსეთის მედია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, ლაბორატორიაში ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები იქმნება. მსგავს განცხადებებს აკეთებენ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებიც. 2018 წლის ბოლოს ლაბორატორია დაათვალიერა 17 ქვეყნის წარმომადგენელმა ექსპერტმა, მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

2020 წლის 3 სექტემბერს შსს-მ ლუგარის ლაბორატორიასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, 1 სექტემბერს ცდილობდნენ სამედიცინო შინაარსის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოპოვებას, მათ შორის, თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიიდან.

გასული წელს რუსული მედიაში კვლავ განახლდა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციული კამპანია.

XS
SM
MD
LG