საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ცრუ ბრალდებები უწოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ 26 მაისს გავრცელებულ განცხადებას, თბილისის „ლუგარის ცენტრის“ საქმიანობის შესახებ.
ამ განცხადებაში, მათ შორის, ნათქვამი იყო, რომ "ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევი მიკრობების მწერების საშუალებით გადატანის მიმართულებით". რუსეთი მოითხოვს ურთიერთმისაღები პირობებით "ლუგარის ცენტრში" რუსი ექსპერტების დაშვებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის საპასუხო კომენტარით, რუსეთის დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულია ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, დეტალურად განმარტავს ცენტრის სტატუსს და ფუნქციებს და კვლავ აღნიშნავს, რომ აშშ-მა „ლუგარის ცენტრი“ მთელი აღჭურვილობით, სრულად გადასცა საქართველოს მთავრობას და 2018 წლიდან მას საქართველო აფინანსებს.
„სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის, ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ცენტრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ 2018 წელს უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს, რომელიც გერმანიის თანაორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოების და ბიოექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან: „მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით“.
ქართული მხარის პოზიციაა, რომ რუსეთის ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსული მედიასაშუალებებით და ნათლად ჩანს მათი არგუმენტაციის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
„რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად. რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება.
ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის, რუსი ექსპერტების მონაწილეობით.