არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პრესისა და წიგნის სახლი“ წლების განმავლობაში კულტურული და განმანათლებელი პროექტებით იყო დაკავებული, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც საქართველოში უკრაინიდან ხიზნებმა დაიწყეს ჩამოსვლა, ორგანიზაციის თანამშრომლებმა მათი დახმარების ორგანიზება ითავეს. რადიო თავისუფლება ორგანიზაციის ხელმძღვანელს ვალენტინა მარჯანიშვილს ესაუბრა.
- რას აკეთებთ ახლა, როგორ და რაში ეხმარებით ჩამოსულებს?
- თავიდან ყველაფერი არეული იყო, შემდეგ მოხალისეები შემოგვიერთდნენ. ხალხი ნერვიულობს, დაძაბულია და ინტერნეტში ახალი ამბების კითხვას ურჩევნიათ საქმე აკეთონ, ასე ფიქრისთვისაც ნაკლები დრო რჩება. მოხალისეების საკმაოდ დიდი გუნდი შეიკრიბა. ერთი ჯგუფი ჰუმანიტარულ ტვირთზე მუშაობს. ლოგისტიკის დალაგება საკმაოდ რთული იყო. ჩარტერული რეისით 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ, ამის ფული ქართველმა და უკრაინელმა ბიზნესმენებმა გადაიხადეს. ახლა სატვირთო მანქანებით ვაგზავნით. აქ ასამდე მძღოლი იყო ჩარჩენილი, რომლებიც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდნენ. ახლა ამ მანქანებით თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის გავლით დახმარებას ვაგზავნით. ამას ბევრი შრომა სჭირდება, ჯერ სხვადასხვა ადგილებში ტვირთი უნდა შეაგროვო, შემდეგ დაახარისხო და ისე შეფუთო, როგორც ამას საბაჟო მოითხოვს.
- რაც შეეხება იმათ, ვინც უკრაინიდან ჩამოდის. ასეთ დროს პირველ რიგში ალბათ ბინის საკითხი დგება, არა?
- ბევრი უკრაინელი საქართველოს ტრანზიტისთვის იყენებს, აქედან აზერბაიჯანში, თურქეთში გადადიან. რამდენადაც მე ვიცი, თავიდან 6 ათასამდე ადამიანი იყო ჩამოსული და მერე დაახლოებით 4 ათასამდე დარჩა. ჩამოსულების უმეტესობა ჩვენ არ მოგვმართავს, რადგან საქართველოში ძირითადად შერეული ოჯახები მოდიან. კაცებს თავიანთი ცოლ-შვილი მოჰყავთ. მერე ან ნათესავებთან რჩებიან, ან თავად პოულობენ თავშესაფარს. თუმცა, ამას წინათ იყო შემთხვევა, ოთხნი ჩამოვიდნენ. მათ აქ მოხუცი მშობლები ჰყავთ, რომლებიც ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ, ანუ ჭერი მაინც არა აქვთ თავზე, ამასთან, არა აქვთ სამსახური და დანაზოგი.
- ძირითადად რომელი ქალაქებიდან ჩამოდიან?
- კიევიდან, ზაპოროჟიიდან, უფრო კიევიდან.
- და ვისაც აქ ნათესავები არ ჰყავთ, ისინი რას შვრებიან?
- ჩამოდიან ისეთებიც, ვინც ადრე საქართველოში მუშაობდა. აქ ყოფილი თანამშრომლები ეგულებათ, მეტ-ნაკლებად ადაპტირებულები არიან და რაღაც ხელშეწყობის იმედიც აქვთ. სხვებს უკრაინელი ან ქართველი მეგობრები ჰყავთ და უბრალოდ ჩამოდიან, რადგან სხვაგან არსად აქვთ წასასვლელი. ჩერდებიან მათთან და შემდეგ ეძებენ სამსახურს, ბინას... რუსების გამო ახლა ბინები ძალიან გაძვირდა. ხელმისაწვდომ ფასად ფაქტობრივად აღარაფერი არის. დამირეკეს ნაცნობებმა, რომლებიც უკრაინელ უფლებადამცველებს მასპინძლობენ. მათთვის ბინას ვერ პოულოდნენ. სასტუმრო შესთავაზეს და ისიც 400 დოლარად.
- ისევ იმას რომ მივუბრუნდეთ, რას შვრებიან უკრაინელები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არც ნათესავი ჰყავთ, არც ნაცნობი?
- რა თქმა უნდა, საცხოვრებელი დიდი პრობლემაა, სად შევასახლოთ, ვისთან შევასახლოთ... მაგრამ ხალხი მაინც გულისხმიერია, ზოგი ორიოდე დღით უთმობს ბინას, ზოგი თვით და ასე ვანაწილებთ. ამა სწინათ ორი მანქანით ჩამოვიდნენ, ათი დღე მოდიოდნენ საქართველომდე, მთელი ევროპა გამოიარეს. მათთვისაც ასე მეგობრების, ახლობლების მეშვეობით ვეძებთ ბინას.
სახელმწიფო ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში. ღმერთს მადლობა, რომ ომამდე ჩამოსულ ტურისტებს მაინც დაეხმარნენ. რაც შეეხება ომის პერიოდში ჩამოსულებს, მათთვის არანაირი პროგრამა არ არსებობს. ხალხი კი მართლაც ძალიან გვეხმარება. ახლაც მომწერეს, ტანსაცმელი მოუტანიათ. უნდა მოვაწყოთ პუნქტი, სადაც მოვლენ და ამ ყველაფერს აიღებენ, რადგან ყიდვის თავი ახლა არავის აქვს.
- სოფელში ბევრს აქვს დაკეტილი სახლი, ეს ვარიანტები განიხილება?
- პირველ ეტაპზე ხალხი მაინც კომუნიკაციების სიახლოვეს უნდა დაასახლო. მართლაც ბევრი ცარიელი სახლია სოფლებში, მაგრამ ჯერ ერთი, მათი პატრონებია მოსაძებნი. ბევრი თავად მოგვმართავს, მაქვს სახლი და წავიდნენ, იცხოვრონო, მაგრამ უცხოვრებელ სახლში ადამიანს ვერ შეასახლებ. ზამთარია, წყალი არ არის, კომუნიკაციები არ არის. მაგალითად, გურიაში ოჯახი 40 კოტეჯს გვთავაზობდა, მაგრამ ეს საზაფხულო კოტეჯებია. თუ ადამიანი ღია ცის ქვეშ რჩება, კი, ესეც რაღაცაა და არ იუკადრისებენ, მაგრამ ამდენი წვალების, ამხელა გზის შემდეგ გინდა, ისეთ ადგილას შეასახლო, სადაც მშვიდად იქნებიან.
- როგორ ატყობთ, სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება? ბოლოს და ბოლოს, ხალხი ბომბებს გამოექცა.
- აუცილებელიც კია, ხალხი ჩამქრალი თვალებით იყურება. სრულიად სხვა ქვეყანაში არიან, ყველაფერს მოკლებულები. ბარგით აქ არავინ ჩამოსულა, ზოგი საერთოდ ყველაფრის გარეშეა, მხოლოდ საბუთები აქვს წამოღებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტრესია. ვფიქრობ, მათ ახლა ურთიერთობა სჭირდებათ, ერთმანეთთან დალაპარაკება... ოთხი კედლიდან უნდა გამოვიდნენ, თორემ სახლში მუდმივად ტელეფონს ჩაჰყურებენ. ყველას ჰყავს უკრაინაში ვიღაც, ვისზედაც გული შესტკივა.
- ბევრი ბავშვია ჩამოსულებში?
- კი, ბევრია, რადგან ძირითადად ოჯახებით მოდიან, ორი-სამი ბავშვით. უკვე დაიწყეს ფიქრი განათლებაზეც. რუსულ სკოლებში ბავშვების შეყვანა არ უნდათ, რადგან შეიძლება კლასელებთან კონფლიქტი მოუვიდეთ. მაგალითად, თბილისში, ერთ სკოლაში, მოსწავლემ რუსეთის დროშა ააფრიალა და „ყოჩაღ, პუტინო“ გაიძახოდა.
- სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, თქვენ რას ელოდებით მისგან?
- პირველ რიგში, ლტოლვილის სტატუსი, ცხელ ხაზებზე რომ ვრეკავთ, გვეუბნებიან, საემიგრაციო სამსახურში დარეკეთ, იქ მიმართეთ ამას, აქ ალბათ მოგცემენ იმას და მერე შეგიძლაით დასახმარებლად მოგვმართოთო. წარმოგიდგენიათ მთელი ეს პროცედურა? ამას ხომ ერთი და ორი დღე არ ეყოფა. ხალხს ახლა უნდა თავშესაფარი. საჭიროა ბაზები, საჭიროა თუნდაც სასტუმროს ნომრები, სადაც ჩამოსულებს ეგრევე შეასახლებ. არ შეიძლება ისინი სხვადასხვა ინსტანციებში არბენინო იმის იმედად, რომ სადღაც ერთი კვირის თავზე დროებით საცხოვრებელს მიიღებენ, რადგან უკვე ლტოლვილის სტატუსი ან რამე ამდაგვარი ექნებათ.
ჩვენ გარდა, კიდევ სხვებიც ეწევიან მოხალისეობას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მაინც აუცილებელია.