Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ომის პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 12 ათასი უკან არ გასულა - გომელაური


ვახტანგ გომელაური.
ვახტანგ გომელაური.

„მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლის სტატისტიკაზე, 24 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 21 დღის განმავლობაში.

„შემოსულია 30 439 რუსეთის მოქალაქე, გასულია 17 801 ადამიანი. იგივე პერიოდში 2019 წელს შემოსულია 64 008 ადამიანი და გასულია 63 097. ანუ უფრო ნაკლებია გაჩერებული მაშინ, ვიდრე დღეს. დღეს, დაახლოებით, 12 ათასი ადამიანი არ გასულა, ვინც შემოვიდა. გავლენ, ალბათ, ზოგი გუდაურშია, ბაკურიანშია, ზოგი თბილისშია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება ბელარუსის მოქალაქეებს, გომელაურის თქმით:

„ბევრად მეტი მატებაა ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან - 15 777-ია შემოსული ომიდან გუშინდელ დღემდე, როცა ანალოგიურ დროს, 2019 წელს, 1679 კაცია შემოსული. თითქმის 10-ჯერ მეტია შემოსული ბელარუსის მოქალაქეები, განსხვავებით რუსეთის მოქალაქეებისგან“.

ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის, შს მინისტრის თქმით, ყველაზე ნაკლები მოქალაქე საქართველოში უკრაინიდან შემოვიდა.

„უკრაინის მოქალაქეები ანალოგიურ დროში რაც შემოსული იყო, 2019 წელს 9 200 ადამიანი, ახლა არის - 8 688 ანუ დიდი შემოდინება უკრაინის მხრიდან არ გვაქვს“, - თქვა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, საზღვარზე კონტროლი შედარებით გამკაცრებულია.

„უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ. ახლა მეტი კითხვები გვაქვს, რა თქმა უნდა, მათ თავისი გაიდლაინები აქვთ მესაზღვრეს, რატომ უშვებს და რატომ არ უშვებს“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG