Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რომც შემოვიდნენ, ხალხი მხარს არ დაუჭერს, ატომური ბომბის მეშინია" - რას ჰყვებიან საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელები


ალექსანდრა კუზნეცოვა ქმარსა და შვილთან ერთად.
ალექსანდრა კუზნეცოვა ქმარსა და შვილთან ერთად.

უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ტურისტებად იყვნენ ჩამოსულები და ომის გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს, მთავრობამ სხვადასხვა სასტუმროში განათავსა. რადიო თავისუფლება რამდენიმე მათგანს გაესაუბრა:

ალექსანდრა კუზნეცოვა, ხარკოვიდან

გუდაურში, თხილამურებზე სასრიალოდ ჩამოვედით. ექვსი დღე ვსრიალებდით და 24-ში ქმარმა გამაღვიძა, ომი დაიწყოო. ლაპარაკის უნარი დავკარგე. ხარკოვში, ჩვენს რაიონში „გრადები“ დააყენეს. ნათესავები - 28 ადამიანი - ყველანი ერთ სახლში შეიკრიბნენ. ჩემი და პოლონეთში გადავიდა, დედა ენერგოდარში ცხოვრობს, იქ, სადაც ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურია.

თავიდან ვფიქრობდი, 21-ე საუკუნეა, ერთი-ორი დღე იქნება სროლები და გაჩერდებიან-მეთქი, მაგრამ რაც ახლა იქ ხდება... ჩვენი რაიონი მთლიანად განადგურდა. ჩვენი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამონგრეულია, მეორე, სადაც ჩვენი ბინაა, დგას, მაგრამ მანდ უკვე ვეღარ იცხოვრებ. ბევრი ნათესავი გვყავს, ყველას სახლი ჯერ არ დაუბომბიათ და როდესაც დავბრუნდებით, ალბათ რომელიმე შეგვიკედლებს. დაბრუნებით ყველა შემთხვევაში უნდა დავბრუნდეთ, ხარკოვში ბიზნესი გვაქვს, ნახევარფაბრიკატებს ვაწარმოებთ, პელმენებს. მთელი ჩვენი ცხოვრება იქაა.

ხარკოვში რუსულად ვლაპარაკობთ, მაგრამ რუსეთს დაავიწყდა, რომ რუსული ენა ერთია და ერი მეორე. პუტინს ეგონა, დროშებით შევეგებებოდით, ამ დროს არავის უყვარს პუტინი. ისინიც კი, ცხოვრებაში ერთი უხეში სიტყვაც რომ არ უთქვამთ, ახლა გამოდიან და დედას აგინებენ. ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი გვყავს, ჩვენ ზელენსკი ავირჩიეთ.

ალექსანდრა კუზნეცოვა
ალექსანდრა კუზნეცოვა

ყველას ვეუბნები, რომ ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია. სამი კვირა სხვა სასტუმროში ვცხოვრობდით. იქ მხოლოდ საუზმე გვქონდა, სადილსა და ვახშამზე ქალაქში გავდიოდით. რამდენიმე რესტორანია, სადაც უკრაინული პასპორტით მიდიხარ და უფასოდ გიმასპინძლდებიან. თან ძალიან ბევრს გვაჭმევდნენ, იმხელა ულუფებს გვიდებდნენ, ვერ ვერეოდით.

ვადიმ გაპკო, ლვოვიდან

მე გიდი ვარ, სვანეთში ჯგუფი მყავდა ჩამოყვანილი და ჩავრჩი. ჩემი ცოლ-შვილი ლვოვშია, მაგრამ მინდა პოლონეთში გადავიყვანო. ხვალ ვარშავაში მივდივარ, ჩემი პროფესიით იქაც მოვახერხებ სამუშაოს პოვნას.

ვადიმ გაპკო
ვადიმ გაპკო

მგონი, ადამიანი არ დარჩა, მათი [რუსეთის] იმპერიული დამოკიდებულება საკუთარ თავზე არ გამოეცადოს. მხოლოდ პუტინიც არაა პრობლემა, ხალხი ოცი წელი ჩუმად იყო და იმას ქმნიდა, რის წინაშეც ახლა დავდექით. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ის, რაც რუსეთში ხდება, მთელ მსოფლიოს ეწინააღმდეგება.

1991 წლიდან მოყოლებული, უკვე 30 წელია, რაც ჩვენთან პრეზიდენტები, პარლამენტები იცვლება, ერთმანეთში ურთიერთობას ვარკვევდით, მაგრამ ეს ჩვენი შიდა საქმეებია, არავის აქვს უფლება ზღვარს გადავიდეს და რამე მიგვითითოს. ჩვენ ძალიან გვიყვარს თავისუფლება.

ახლა ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან, ბავშვები რომ იხოცებიან, ეს არის ყველაზე ცუდი.

ტატიანა ხლებნიკოვა, კრემენჩუგიდან

მეოთხედ ვარ საქართველოში, ძალიან მიყვარს. დასთან და დაქალებთან ერთად ჩამოვედი. ისინი უკვე წავიდნენ და ხვალ მეც ვარშავაში მივფრინავ. იქიდან კრემენჩუგში უნდა ჩავიდე. მატარებელი კიევის გავლით მიდის, კიევი იბომბება, მაგრამ, იმედია, გამიმართლებს.

ჩემი ბიჭი დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს. გოგო 18 წლისაა და ჩემს დასთან ლვოვში ჩავიდა. სანამ იქამდე მიაღწევდა, ძალიან ვნერვიულობდი, მატარებლები გადატვირთულია, ხალხი ერთმანეთს უზის კალთაში.

ტატიანა ხლებნიკოვა
ტატიანა ხლებნიკოვა

ჩემი სახლი იქაა, სადაც ჩემი ქმარია. ხელს არაფერი მიშლის, დავბრუნდე. ერთადერთი, რისიც მეშინოდა, ის იყო, შვილების დამარხვა არ მომიწიოს-მეთქი, მაგრამ ახლა ჩემი ბავშვები უსაფრთხოდ არიან... ინტენსიური თერაპიის ექთანი ვარ, სამშობიაროში ვმუშაობ. ჩვენთან არავის დაუტოვებია საავადმყოფო, ყველა თავის ადგილზეა და ეს ნიშნავს, რომ მეც უნდა ჩავიდე. ადამიანები იბადებიან, ესე იგი მე საჭირო ვარ.

ჩემთვის ყველაზე საშინელი ისაა, რომ რუსეთში ხალხმა ადამიანობა დაკარგა. ჩვენ იქ ყველას გვყავს ნათესავები. რომ ვეეუბნები, ქალაქები მიწასთანაა გასწორებული-მეთქი, არ სჯერათ, „ფეიკიაო“, მწერენ.

ნატალია ცუცქირიძე, კიევიდან

მე ქმარი მყავს ქართველი. სკოლაში, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ, ორჯერ გამოაცხადეს განგაში, ბომბია შენობაშიო. არანაირი ბომბი იქ არ აღმოჩნდა, მაგრამ შიშით კი მაგრად შემეშინდა. ქმარმა მითხრა, უკვე ნერვებზე ხარ, ცოტა ხნით გუდაურში წავიდეთ, გული გადავაყოლოთო... ჩამოვედით, დავისვენეთ, უკვე შინ ვაპირებდით დაბრუნებას და ომი დაიწყო. საჩუქრებიც კი ნაყიდი გვქონდა, ტყლაპი ახლაც ჩანთაში მიდევს.

ნატალია ცუცქირიძე შვილთან ერთად.
ნატალია ცუცქირიძე შვილთან ერთად.

ჩვენ კიევში ქართული რესტორანი გვაქვს - „ივერია“. იქ რომ ვიყოთ, გავაღებდით და ხალხს დავაპურებდით. გვერდით ჰოსპიტალია, ამბობენ, რომ იქ ხალხი მარტო წყალსა და შვრიის ფაფაზეა, მაგრამ რადგან აქ ვართ, თანამშრომლებს ვერ ვეუბნებით, მიდით, თქვენ გახსენით რესტორანიო. თბილისში სხვებთან ერთად ჰუმანიტარულ პროდუქტებს ვაგროვებთ და უკრაინაში ვგზავნით. ახლა საკუთარ თავზე არავინ არაფერს ხარჯავს, ყველაფერს იქით ვუშვებთ.

ოკუპაციაზე იმდენად არ ვდარდობ, რომც შემოვიდნენ, მოსახლეობა მხარს მაინც არ დაუჭერს. უფრო ატომური ბომბის მეშინია. ატომური ბომბი თუ ჩამოვარდა, აღარც უკრაინა იქნება, აღარც რუსეთი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG