Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა" - პატრიარქი მრევლს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებს 


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართვა გამოაქვეყნა. „სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება", - აცხადებს ილია მეორე.

პატრიარქმა მრევლს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა და ამისთვის კონკრეტული დრო გამოაცხადა.

„მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის.

ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ამ ლოცვით", - აცხადებს ილია მეორე.

პატრიარქი სასულიერო პირებს აძლევს კურთხევას, რომ კვირას, 20 მარტს, „წირვის შემდეგ გადაიხადონ სავედრებელი პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისათვის და პანაშვიდი ამ ომში გარდაცვლილთათვის".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.

XS
SM
MD
LG