35 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა რუსეთის არმიის მიერ ქალაქ ლვოვთან ახლოს, იავოროვის სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად. რუსეთის არმიამ სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა „მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს“. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი.
„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს უფრო მეტი გმირი დავკარგეთ“, - წერს ის ტვიტერზე. კოზიცკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მონაცემები დღის განმავლობაში იცვლებოდა. ოფიციალური სტრუქტურები იტყობინებოდნენ, რომ დაჭრილები თანდათან შეჰყავდათ საავადმყოფოებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ტერიტორიაზე 8 რაკეტა ისროლეს; ხოლო ბოლო ცნობით, ნასროლია 30 რაკეტა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ცენტრში უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ.
„რუსეთი თავს დაესხა მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს, ლვოვთან ახლოს. აქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ... ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან ახლოს. აუცილებელია მოქმედება ამის შესაჩერებლად. დაკეტეთ ცა!“ - წერს ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.
ლვოვი დასავლეთ უკრაინის ყველაზე დიდი ქალაქია. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ევაკუირებულია უკრაინელების დიდი ნაწილი, რომლებიც იქიდან პოლონეთში გადადიან.
„მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების ცენტრი“ პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრით არის დაშორებული. მედიის ინფორმაციით, ეს ცენტრი 2007 წელს შეიქმნა და წარმოადგენს სასწავლო-საწვრთნელ ბაზას კადრების მოსამზადებლად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად.
რუსეთის არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. მათ შორის, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 85 ბავშვია.