Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჯერ მხოლოდ ხალხის იმედად ვარ“ - რას სთავაზობს სახელმწიფო უკრაინიდან ჩამოსულებს


სახელმწიფოს ამ დრომდე არა აქვს გეგმა, როგორ უნდა დაეხმაროს ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან საქართველოში გამოქცეულებს. საქართველოში გამოხიზნულები მხოლოდ ცალკეული ადამიანების დახმარების იმედად არიან.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, მოსახლეობა უწყვეტ ტალღად ტოვებს უკრაინას და მეზობელ ქვეყნებში გადასვლას ცდილობს. უკრაინაში დაახლოებით 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს მონაცემებით, ლტოლვილების რიცხვმა ომის დაწყებიდან მე-16 დღეს უკვე 2.5 მილიონს მიაღწია. აქედან 1.5 მილიონამდე ადამიანი ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, პოლონეთმა შეიფარა. უკრაინელები მიდიან სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც.

რამდენი ადამიანი ჩამოვიდა უკრაინიდან საქართველოში, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. არასამთავრობო სექტორში ვარაუდობენ, რომ არც ისე ბევრი, რადგან საქართველოს უკრაინასთან საზღვარი არა აქვს და, ამასთან, ვერც ისეთ დახმარებას სთავაზობს, როგორსაც ევროპა. მიუხედავად ამისა, საქართველოში უკრაინელები მაინც ჩამოდიან.

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ უთქვამს, თუ რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული ადამიანების მიმართ. ჯერჯერობით მთავრობის ინიციატივით, დაბინავდნენ ის უკრაინელები, რომლებიც საქართველოში ომამდე, ტურისტებად იმყოფებოდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, თბილისში სასტუმრო „იბისში“ 300-მდე ასეთი ტურისტი ცხოვრობს. სახელმწიფო იხდის მათი კვების და პირველადი დახმარების ხარჯებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის თქმით, 116 უკრაინელი ტურისტი, ვინც აჭარაში ჩარჩა, სასტუმროებშია დაბინავებული. რაც შეეხება ომის შემდეგ ჩამოსულებს, მათ მოქალაქეები და კერძო ბიზნესი თავიანთი ინიციატივით ეხმარებიან.

სასტუმროებმა სოლიდარობა გამოხატეს უკრაინის მიმართ და თავად განათავსეს ნომრებში. ზოგი სამჯერად კვებასაც სთავაზობს, ზოგი, მხოლოდ საუზმეს. ჩვენ გახსნილი გვაქვს ცხელი ხაზი*, რომელზეც უკრაინელები რეკავენ და ვაკვალიანებთ. დაახლოებით სამასმა ადამიანმა დარეკა, ბევრი მათგანი სხვა ქვეყნებიდან რეკავდა და ჩამოსვლას აპირებდა. სარფის საზღვარიდან შემოდიან“, - განმარტა თინათინ ზოიძემ.

მისივე თქმით, თბილისში ახლა უკვე დაიწყეს პროგრამის შემუშავება მათთვის, ვინც უკრაინის ომს გამოექცა, მაგრამ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს, ჯერ ცნობილი არ არის.

უკრაინელი ხიზნები უნგრეთში
უკრაინელი ხიზნები უნგრეთში

თავად უკრაინიდან ჩამოსულები ამბობენ, რომ მართალია, საქართველოში უკრაინელებს ბევრი სთავაზობს დახმარებას, მაგრამ ეს იმდენად არაორგანიზებული პროცესია, რომ ამ დახმარების მიღება ძნელდება. ხარკოველი იულია, რომელმაც ორ ბავშვთან ერთად საქართველოს შეაფარა თავი, ჰყვება:

სახელმწიფო სტრუქტურებს მივწერე საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით დუმან. ჯერ მხოლოდ ხალხის იმედად ვარ. ძალიან მრცხვენია, მაგრამ იმდენად გულწრფელი და სპონტანურია ეს დახმარება, რომ ცრემლებამდე მივდივარ. ერთ კაფეში უფასო სადილი შემოგვთავაზეს. ერთმა კაცმა შემიფარა და დროებით ოთახი მომცა, მაგრამ მალე უნდა დავტოვო იქაურობა. ერთ სასტუმროში მითხრეს, მოდიო, მაგრამ მერე - გადაიფიქრეს. არ ვიცი ახლა, ვის უნდა მივწერო, რომ თავშესაფარი ვიშოვო. რაც ფული მქონდა, აქამდე რომ ჩამომეღწია, იმაში დავხარჯე“, - ამბობს იულია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, არასამთავრობო სექტორს უჭირს უკრაინიდან ჩამოსულების სრულფასოვნად დახმარება, რადგანაც მათ შესახებ სრული ინფორმაცია არა აქვს.

„ჩვენთვის საჭიროა წყაროები, რომლის მიხედვითაც მიიღებ ინფორმაციას, დაამუშავებ და გააკეთებ ანალიზს, თუ როგორ უნდა იმოქმედო. ჯერჯერობით ინფორმაციას მხოლოდ სოციალური ქსელებიდან ვიღებთ. უკრაინის საელჩოც კარგი წყარო იქნებოდა, მაგრამ ელჩი გაწვეულია“, - განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი.

ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის“ პროექტის კოორდინატორი მარიამ მხატვარი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადოს, თუ რას აპირებს ამ ადამიანების მხარდასაჭერად. რადგან უკრაინელებს მალე შეექმნებათ პრობლემები, როგორც სამართლებრივი, ასევე ჰუმანიტარული კუთხით.

„ახლა მათთვის შეიძლება ეს არ იყოს აქტუალური, რადგან ახლა სხვა საჭიროებები აქვთ, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა სტატუსის მიღების შესაძლებლობას იძლევა, რასაც თავისთავად გარკვეული შეღავათები მოჰყვება. მართალია, პროცესი შეიძლება გაიწელოს, მაგრამ განაცხადის წარდგენა და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი მას უკვე გარკვეულ უფლებებსა და გარანტიებს აძლევს, მაგალითად, ID ბარათს და გარკვეულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას. თავშესაფრის მაძიებლებისთვის არის მარტყოფის თავშესაფარიც, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადგილი არაა“.

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად უკრაინიდან ჩამოსულებს შესაბამისი სტატუსი უნდა ჰქონდეთ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ანიჭებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლებელია მიიღო:

  • ლტოლვილის სტატუსი;
  • ჰუმანიტარული სტატუსი;
  • დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებგვერდზე დეტალურადაა განმარტებული, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო ამა თუ იმ სტატუსის მისაღებად. აქვეა ახსნილი შესაბამისი პროცედურაც. ჯერჯერობით უცნობია, მიმართა თუ არა ვინმემ შსს-ს რომელიმე ამ სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

* ცხელი ხაზის ტელეფონი: +995 577 90 90 93

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG